NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს.
კითხვაზე, როგორ შეაფასებდნენ პრემიერ-მინისტრის საქმიანობას, გამოკითხულთა 29 პროცენტი დადებითად აფასებს, 37 პროცენტი - საშუალოდ.
პრემიერ-მინისტრის საქმიანობას უარყოფითად აფასებს 26 პროცენტი. ეს მაჩვენებელი მიმდინარე წლის მარტთან შედარებით ორი პროცენტით შემცირდა. ექვსი პროცენტით გაიზარდა მაჩვენებელი, რომელიც საშუალოდ აფასებს პრემიერის საქმიანობას, ხოლო ერთი პროცენტით შემცირდა მაჩვენებელი, რომელიც მუშაობას კარგად აფასებს.
გამოკითხულთა შვიდი პროცენტი პასუხობს, რომ არ იცის, ხოლო ერთი პროცენტი უარს ამბობს პასუხის გაცემაზე.
კვლევაში აღნიშნულია, რომ თბილისელები, ახალგაზრდები და ოპოზიციის მხარდამჭერები პრემიერს ოდნავ უფრო კრიტიკულად აფასებენ.
NDI-ის ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.