საქართველოში დაბალი ინფლაცია სურსათის საერთაშორისო ფასების ეტაპობრივ კლებას და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებას უკავშირდება - ეროვნული ბანკი

05 დეკემბერი 2023, 17:42 370 ნახვა

2023 წლის ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.1% შეადგინა, ხოლო ოქტომბერთან შედარებით ფასები 0.2%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის კლებადი ტენდენცია განაპირობებს, რაც მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგია. ეროვნული ბანკის ცნობით, ამავდროულად, მსოფლიოში სურსათის ფასების კლების ტენდენცია მეტწილად გრძელდება. დაბალ დონეზე ნარჩუნდება ტრანსპორტირების ღირებულება.

ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების წლიურმა ინფლაციამ გასულ თვესთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით მოიკლო და ნოემბერში 3.8% შეადგინა.

„ადგილობრივი ინფლაციის კლება მეტწილად სურსათის ფასების წლიურ გაიაფებას და ზოგიერთ მომსახურებაზე (ბინის ქირა, სამედიცინო მომსახურება და ა.შ) საბაზო ეფექტის ამოწურვას უკავშირდება. სურსათის ფასების წლიური შემცირება შერეულად წარმოებული პროდუქტების ფასების ინფლაციის შემცირებაზეც აისახება. იმპორტირებული პროდუქტების დეფლაცია მცირდება (-1.0%) და ამის მიზეზი პირველ რიგში საწვავის ფასების ზრდა და საბაზო ეფექტია. შედარებით მაღალ ადგილობრივ ინფლაციას მომსახურების წლიური 6.8 პროცენტიანი გაძვირება განაპირობებს. მომსახურების წვლილი ადგილობრივ ინფლაციაში 3.0 პროცენტული პუნქტია. თავის მხრივ, მომსახურების ინფლაციაში მაღალი წვლილი აქვს საბანკო მომსახურების გაძვირებას და გასულ წელს უცხოელთა რაოდენობის მკვეთრი მატების შედეგად გაზრდილ ბინის დაქირავების ღირებულებას“, – წერია ცენტრალური ბანკის ანგარიშში.

მათივე ცნობით, ოქტომბერში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 43.6%-ით დაიკლო და 283.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 0.2%-ით 31.5 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, წლიურად ფულადი გზავნილების შემცირებას საბაზო ეფექტი და რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლება განაპირობებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი