„შავი ფული“ ისეთი უნდა, ოპოზიციაში რომ არის და ხან კვიპროსიდან რომ მოაქვთ და ხან ლონდონიდან - პაპუაშვილი

04 დეკემბერი 2023, 14:58 526 ნახვა

„შავი ფული“ ისეთი უნდა, ოპოზიციაში რომ არის და ხან კვიპროსიდან რომ მოაქვთ და ხან ლონდონიდან. სულ ახლახან იყვნენ ერთ და მეორე ქვეყანაში ჩასულები და კეზერაშვილისგან რომ იღებენ ევროპელი პენსიონერებისთვის წართმეულ ფულს - ეს არის „შავი ფული“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მისივე შეფასებით, „შავი ფულის“ საქართველოში ტრანსპორტირებაში არიან ჩართულები და ზოგიერთ ასეთ ოლიგარქს თავშესაფარი აქვს მიღებული, ეს არის პრობლემა და ამას უნდა ვებრძოლოთ.

პაპუაშვილის განმარტებით, ოლიგარქიული ჯგუფები არიან ჩართული ბრძოლაში, ,,შავი ფული''  და უცხოური გავლენები ტრიალებს, ამიტომაც ხდება ის, რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში''.

„შავი ფული“ არასამთავრობო სექტორშიც ტრიალებს. მოწყობილია არის ყალბი სქემები ზოგიერთ პარტიასთან, ოპოზიციური პარტიების უმეტესობას აქვს მათთან პირდაპირ დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან უცხოეთიდან. რა თქმა უნდა, როდესაც უცხოეთიდან ფინანსდება პოლიტიკური ორგანიზაცია, ის საქართველოს ინტერებს არ ატარებს. ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხიცაა, რომ ოპოზიციაში არის ფული, რომელიც შემოდის საზღვარგარეთიდან“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით,  „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი“, „დროა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის ერთი ღირებულებით მოქმედი დაჯგუფება და ქართველი ხალხი ამას კიდევ ერთხელ ეტყვის უარს არჩევნებზე.

„ეს ყველაფერი არის მავნე გავლენა ოლიგარქიული მმართველობისა ქართულ პოლიტიკაში. მნიშვნელოვანია, ეს გავლენა შემცირდეს ქართულ პოლიტიკაში. ამ პროცესებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ აქვს მხოლოდ არითმეტიკული მნიშვნელობა და არანაირი შინაარსობრივი მნიშვნელობა. აქ არ არის დავა ღირებულებებზე.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ ისეთივე მოძალადე პარტიად დარჩება, როგორიც იყო, ასევე რჩება ისეთივე კორუმპირებულ პარტიად, ისევე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედად რჩება, როგორიც იყო. აქამდე „სტრატეგია აღმაშენებელი“ გამოეყო ვითომ, ახლა ისევ შეუერთდნენ. გამოეყო „ლელო“, „გირჩი“, „დროა“, ეს არის ფარსი, ღირებულებით ისინი არიან ერთნი. „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი“, „დროა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ – ეს არის ერთი ღირებულებით მოქმედი დაჯგუფება, რომელიც არის ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მებრძოლი, ქართველი ხალხი ამას ეტყვის კიდევ ერთხელ უარს არჩევნებზე და მიუჩენს თავის ადგილს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დონორებმა ყურადღება მიაქციონ, რას ხმარდება მათი გადასახადის გადამხდელთა ფული.

„რაც შეეხება რაიმე გაყალბებაზე საუბარს, ეს არის აბსოლუტური სპეკულაცია და მნიშვნელოვანია, ამას გაეცეს მკაფიო პასუხი. ჩვენ სულ ახლახან ვნახეთ კიდევ ერთხელ, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოიჩინა თავი იმით, რომ ახდენს საარჩევნო პროცესების დისკრედიტაციას, ვნახეთ მათი ე.წ. ანგარიში ელექტრონულ მთვლელთან დაკავშირებით, რაც არის მანიპულაციური და სპეკულაციური. ეს ძალიან დიდ ეჭვებს აჩენს, რომ, როგორც ჩანს, უკვე არის მზადება, მოახდინონ 2024 წლის არჩევნების დისკრედიტაცია. კარგია და მივესალმები, რომ ცესკომ-მ უპასუხა ამომწურავად იმ სპეკულაციებს, რომლებიც „სამართლიანი არჩევნებიდან“ მოდიოდა.

მინდა, მოვუწოდო „სამართლიან არჩევნებს“, განსაკუთრებით მის დონორებს – USAID-ი არის მისი ყველაზე დიდი დამფინანსებელი, კრიტიკულად გააცნობიერონ ის გადაცდომები, რასაც ადგილი ჰქონდა 2020 წლის არჩევნებში „სამართლიანი არჩევნების“ მხრიდან და აქედან რაიმე დასკვნები გამოიტანონ, მათ შორის, დონორებმა. არ შეიძლება, „ენჯეო“ უკვე მერამდენედ ასეთ მანიპულაციებში ერთვება, იყოს წახალისებული ყოველ ჯერზე. ვფიქრობ, „ენჯეოებზე“ წინ გამოდის დონორების პასუხისმგებლობა და ჩვენ ამ ჯერზე ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ამ საქმეს, რომ დონორებმა იგრძნონ პასუხისმგებლობა, ეს არის მათი საერთაშორისო პასუხისმგებლობაც. დონორი არის პასუხისმგებელი, რას ხმარდება მათი გადასახადის გადამხდელის ფული. მოვუწოდებ მათ, ჩახედონ, რატომ ხდება ასეთი მანიპულაციური ანგარიშების შედგენა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი