უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარი მცირდება - ეროვნული ბანკი

29 ნოემბერი 2023, 15:59 489 ნახვა

უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარი 25%-დან 20%-მდე მცირდება, – აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტებმა მიიღეს.

როგორც ცენტრალურ ბანკში განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილება ბანკების ლიკვიდობის მაჩვენებლებს გააუმჯობესებს და ქვეყნის ეკონომიკას ახალ საკრედიტო რესურსს მიაწვდის.

ამასთანავე, ეროვნულმა ბანკმა შეცვალა გრაფიკი, რომელშიც ბანკებს კონტრციკლური ბუფერი 1%-იან დონეზე უნდა შეევსოთ. მიმდინარე წლის მარტში განისაზღვრა, რომ ერთწლიან პერიოდში ბანკებს ეს მოთხოვნა უნდა დაეკმაყოფილებინათ, თუმცა, ახალი გრაფიკით, სარეზერვო მოთხოვნის 1%-მდე შევსების ვადა 2027 წლის 15 მარტისთვის უნდა მოხდეს.

ამ ნაბიჯებს მარეგულირებელი იმით ხსნის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები გლობალურად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის საპასუხოდ მიიღეს, რამაც ევროსა და დოლარის ფინანსური რესურსის მოზიდვა გააძვირა.

ამასთან, როგორც ანგარიშში წერია, საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას კვლავაც შეუფერხებლად განაგრძობს.

დოკუმენტში ასევე საუბარია დოლარიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

როგორც ცენტრალურ ბანკში აღნიშნავენ, დოლარიზაციის მაღალი დონე და მასთან დაკავშირებული რისკები ქართული ფინანსური სექტორისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და ამ რისკები შესამცირებლად მარეგულირებელი, საბანკო სექტორთან თანამშრომლობით, გრძელვადიან გეგმაზე აქტიურ მუშაობას განაგრძობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი