სტიქიიდან მეორე დღეს უცნობია რა ოდენობის ზარალი მიადგა ქობულეთსაც. სტიქიის სალიკვიდაციო კომისია ამ დრომდე ითვლის და აზუსტებს მასშტაბებს. ვიდრე კომისია დასკვნას დადებს, საკომპენსაციო თანხებსაც დააჯამებს და ზარალის ანაზღაურებასაც დაიწყებს, მოსახლეობა დროულ დახმარებას ითხოვს. ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართავენ, რომ შტორმის შედეგად დაზიანებული სანაპირო ქუჩა აღდგენამდე ქვიშა-ღორღისგან მაინც გაიწმინდოს.
როგორც იცით, 27 ნოემბერს შტორმმა განსაკუთრებით დააზარალა ქობულეთი. თითქმის აღარ არსებობს ახალი ბულვარის ინფრასტრუქტურა, ასევე დაზიანებულია სახლები, საპლაჟო ინფრასტრუქტურა, მათ შორის სასეირნო ბილიკი და დამცავი ჯებირები. კრიტიკულად რთული მდგომარეობა რამდენიმე უბანზეა, მათ შორის თამარ მეფის სანაპიროს ორკილომეტრიან მონაკვეთზე, იქ სადაც სასულიერო სკოლა-გიმნაზია და სპორტსკოლაა.
ქობულეთის მერიაში მოსახლეობის პრეტენზიებს ჯერ-ჯერობით მხოლოდ ზეპირი განმარტებით უპასუხეს და გვითხრეს, რომ საცხოვრებელი სახლების მდგომარეობის შეფასება მალე დაიწყება და, რომ ეტაპობრივად, თუმცა უკვე მიმდინარეობს ბულვარის დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესწავლა. ამ დროისთვის კი მერიის შესაბამისი სამსახურები სანაპირო ზოლის დასუფთავებას იწყებენ.
ქობულეთის მერის განმარტებით, ზარალი საკმაოდ დიდია. ლევან ზოიძის განცხადებით, გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება ზარალის დათვლა და აღდგენითი სამუშაოები.
მისივე თქმით, შესაბამისი სამსახურები დაითვლიან თუ რა ზიანი მიადგა მოსახლეობას და კანონის ფარგლებში ყველა მოქალაქე იქნება დაკმაყოფილებული. ბულვარის რეაბილიტაცია კი ზაფხულის ტურისტულ სეზონამდე დასრულდება.