„ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ ღონისძიებაზე, სადაც პარტია „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავს აღნიშნავს, ევროპარლამენტარები ანა ფოტიგა და ანდრიუს კუბილიუსი ვიდეომიმართვით ჩაერთნენ.
ანა ფოტიგამ განაცხადა რომ „ვარდების რევოლუციის“ დღე კარგად ახსოვს, რადგან ეს იყო დაუჯერებელი იმედისა და სიხარულის დრო.
„მე კარგად მახსოვს ეს დღე, ზუსტად 20 წლის წინ, ქართველი ხალხის ცნობილი „ვარდების რევოლუცია“ მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით, რომელიც შემდგომში საქართველოს მესამე პრეზიდენტი გახდა. ეს იყო დაუჯერებელი იმედისა და სიხარულის დრო, არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ჩვენთვის, მათთვის, ვინც გამოსცადა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. დამერწმუნეთ, ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით და მხარს ვუჭერთ ქართველი ნაღველი ხალხის ჭეშმარიტ ნებას, გახდნენ თავისუფალი, დამოუკიდებელი, იმედით აღსავსე და კარგი მომავალი თქვენს შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად მშვიდობიან სამყაროში“, – განაცხადა ანა ფოტიგამ ვიდეომიმართვაში.
ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ახლა საქართველოსთვის მარტივი დრო არ არის, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ქართველის ხალხი ქვეყანას და მთავრობას ევროკავშირთან დაახლოების გზაზე დააბრუნებს.
მისივე თქმით, მომავალი წლის არჩევნები გადამწყვეტი იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვის და აღნიშნა, რომ გამარჯვების კოალიცია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს უახლესი მომავლისთვის.
„ნამდვილად სასიამოვნოა, ყველას მოგილოცოთ ორი მნიშვნელოვანი თარიღი. პირველ რიგში, მსურს, მივულოცო მთლიანად ქართველ ხალხს და ოპოზიციას ბოლო მიღწევა, როდესაც ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მისცა, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის წინ გადადგმული სტრატეგიული ნაბიჯი არა საქართველოს მთავრობისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვის. მეორე რიგში, გილოცავთ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავს. კარგი დამთხვევაა, რომ საქართველოსა და მთლიანად ევროპის კონტინენტი ამ ორ მნიშვნელოვან მოვლენას ერთდროულად აღნიშნავს“, – განაცხადა კუბილიუსმა.