ორბელიანების სასახლეში სამოქალაქო პლატფორმა "შინ მომავლისთვის" პროექტების პრეზენტაცია და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რის შემდეგაც დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „შინ მომავლისთვის“ ჯილდო გადაეცათ საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველ პროფესიონალებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემსახურებიან.
კერძოდ, დაჯილდოვდნენ: ქართველი კომპოზიტორი – ალექსანდრე რაქვიაშვილი, მეცნიერი – ზაალ კოკაია, ექიმი – თორნიკე სოლოღაშვილი, ექიმი – დავით მრელაშვილი, აშშ-ში ქართული საკვირაო სკოლის დამფუძნებელი – მაკა ქობალია, პროექტ „სფიჩის“ ავტორები – სოფო ჯაჯანაშვილი და ზურაბ ქათამაძე, სამუზეუმო საქმის ექსპერტი – მარიკა დამენია.
როგორც აღინიშნა, ორგანიზაცია „შინ მომავლისთვის“ წარმოადგენს საჯარო სამართლის არასამეწარმეო იურიდიულ პირს, რომლის მიზანიც ემიგრაციიდან დაბრუნებული პირების და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების პროცესის ხელშეწყობაა.
ორბელიანების სასახლეში შეკრებილებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა დიასპორაზე, დისპორული ორგანიზაციების გაძლიერებაზე. ამავდროულად, სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა ორმაგი მოქალაქეობის კანონზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, დიასპორის წარმომადგენლებისთვის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურები რეალურად გამარტივდეს.
„ჩვენ დღეს გვყავს ძალიან ძლიერი და მრავალრიცხოვანი დიასპორა. დიდი ნაწილი ჩვენი ადამიანური რესურსისა სხვადასხვა მიზეზის გამო და სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში წასულია ქვეყნიდან. ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფოს ერთ-ერთი ამოცანაა, ეს ადამიანები რაღაცნაირად კავშირში შევინარჩუნოთ ქვეყნასთან, სახელმწიფოსთან, გრძნობდნენ, რომ არიან ამ ქვეყნის ნაწილი, სადაც არ უნდა იყვნენ, როცა უნდა გადაწყვიტონ ან არ გადაწყვიტონ ამ ქვეყანაში დაბრუნება. პატარა ქვეყნისთვის ორმაგად და ათმაგად მიზანია, რომ ჩვენ ეს ხალხი ნამდვილად არ დავკარგოთ. ეს იყო მიზანი თავის დროზე, როცა საზღვარგარეთიდან, სადაც იმ დროს ვიმყოფებოდი, დავიწყეთ სხვა დიასპორის წევრებთან მუშაობა იმ მიმართულებით, რომ ამ ქვეყანას მიეღო ორმაგი მოქალაქეობის კანონი, რაც რამდენიმე წლის შემდეგ ნამდვილად მოხდა. თუმცა, მიუხედავად ბევრი ძალისხმევისა, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლიდან ჩვენს ადმინისტრაციას, მე პირადად მინისტრებთან დაწყებული გვქონდა მოლაპარაკებები, როგორ გავამარტივოთ პროცედურები, რაც, ჩემი აზირთ, შექმნილი იყო უაზროდ და ხელს უშლიდა დიასპორაში მცხოვრებ ადამიანებს, დაებრუნებინათ საქართველოს მოქალაქეობა, გამარტივება არ მოხდა. ამას დღეს ხაზს ვუსამ იმიტომ, რომ ამ დღეებში პარლამენტში მიღებულ იქნა ახალი ცვლილებები მოქალაქეობის ორგანულ კანონში, რომელიც რეალურად არცერთ გამარტივებას არ წარმოადგენს. ამას წინმსწრებით ვამბობ, რადგან ალბათ ამაზე იქნება დიდი პროპაგანდა, რომ ამ ცვლილებებით ჩვენ მოვახდინეთ პროცედურების დიდი გამარტივება – არც არაფერი. მთავარი მოთხოვნები უცხოეთში ჩვენი თანამემამულეების, რომ გამარტივდეს ტესტირება, თუნდაც ენის ტესტირება იყოს გამარტივებული, ეს ყველაფერი მოხდეს სწრაფად, მარტივად, არ იქნა მხედველობაში მიღებული. მხოლოდ ერთი სერიოზული ცვლილებაა, რომ შესაძლებელია ტესტირება რამდენჯერაც გინდათ, ჩააბაროთ და ყოველ ჯერზე გადაიხადოთ საფასური. ასევე, მეორე კუთხით, გეოპოლიტიკური გარემოებიდან გამომდინარე ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან ცხოვრობენ საზღვრების გარეთ, სხვა ქვეყანაში, მათი მოლოდინი და მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიმართ ძალიან გაზრდილია. ჩვენ თუ გვაქვს ოდნავ რამე სტრატეგია ან ხედვა, როგორი უნდა იყოს ჩვენი ხვალინდელი ურთიერთობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან, უნდა გამოგვეცხადებინა, რომ ავტომატურად ვუბრუნებთ მოქალქეობას ყველა იმ ადამიანს, რომელიც დაბადებულია საქართველოს ტერიტორიაზე, ყველაფრის მიუხედავად და არანაირი პროცედურების გათვალისწინებით. ეს იყო მეორე მოთხოვნა, რომელიც სახელმწიფოს უნდა დაეკმაყოფილებინა. მე ამ ცვლილებებზე ვეტოც არ დავადე, რადგან ეს არ არის სავეტოო ცვლილებები. მთავარია, ჩვენ ვიზრუნოთ იმაზე, რომ არსებითი ცვლილებები იყოს მიყვანილი ბოლომდე. მინდა, მოვუწოდო ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, ვისაც შეუძლია, ინიციატივა მიიღოს პარლამენტში, ამ კუთხით შეიტანონ ინიციატივა, რადგან ეს საკითხი ყველას ეხება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.