რას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის „დეოლიგარქიზაციის გეგმა“? - მთავრობის მიერ ევროკომისიისთვის შეთავაზებული სამოქმედო გეგმა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილების შესახებ „ნეტგაზეთმა“ მოიპოვა და გაავრცელა.
დოკუმენტი 52-გვერდისგან შედგება და ითვალისწინებს ნაბიჯების გადადგმას 7 მიმართულებით: ესენია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა (კორუფციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და კორუფციის პრევენცია, ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ორგანოს მონიტორინგის პროცესის კოორდინაცია); სახელმწიფო შესყიდვები (სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დაცვა); კონკურენციის პოლიტიკა (ეფექტური კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება); მართლმსაჯულება; ფულის გათეთრებისა და ტერორისტული დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა (ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის გაძლიერება, მათ შორის იურიდიული პირებისა და შეთანხმებების გამჭვირვალობა); პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი, მედია (მედიის პლურალიზმის გაძლიერება და მედიამფლობელობის გამჭვირვალობა). სამოქმედო გეგმაში ჩამოთვლილია ამ სფეროებში უკვე განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და ზომები, ასევე შემდგომი აქტივობები.