საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარეს. ითხოვენ კანონის საბოლოოდ მიღებამდე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას. ამასთან აცხადებენ, რომ პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი რომელიც მაუწყებლის დაფინანსების მოდელის შეცვლას ეხება მთლიანად ცვლის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსს და, ფაქტობრივად, აუქმებს საზოგადოებრივ მაუწყებელს. მიაჩნიათ, რომ ეს არის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისა და ფუნქციებს შეზღუდვის მცდელობა. პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით , პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას რომელიც როგორც უკვე გითხარით საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებას ეხება. ამჟამად მოქმედი წესი მთლიანი შიდა პროდუქტის0,14/% შეადგენს. ანუ, აქამდე არცერთი უწყების მიერ არ განისაზღვრებოდა მაუწყებლის დაფინანსება და პირდაპირ იყო მიბმული მთლიან შიდა პროდუქტზე. კანონპროექტის კანონად დამტკიცების შემთხვევაში კი ეს ასე აღარ იქნება და მაუწყებელი იქნება ისეთივე საბიუჯეტო ორგანიზაცია როგორებიცაა აუდიტის სამსახური, პროკურატურა, სასამართლოები და პარლამენტი. კანონპროექტის ავტორებისა და ინიციატორების აზრით,ეკონომიკური ზრდა მაუწყებლის დაფინანსების ზრდასაც იწვევს და სწორედ ამ კომპონენტს ასახელებენ ისინი პრობლემურად. მათი თქმით, ბოლო წლებში არაადეკვატურად იზრდება მაუწყებლის ფინანსები და ამიტომ, მიაჩნიათ რომ აუცილებელია ეს მოდელი იყოს მორგებული მის საჭიროებებზე. საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათში ასევე საუბარია, იმაზე რომ მაუწყებლის ბიუჯეტი არ უნდა იყოს წინა წლის ბიუჯეტზე ნაკლები და ,რომ ეს მხოლოდ სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია , რომ კანონპროექტს მხარდამჭერები ჰყავს ოპოზიციაშიც.