საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა განიხილეს დემოგრაფიული ტენდენციები და ის საჭიროებები, რომლებიც დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესების კუთხით არსებობს.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, დაწყებულია კვლევა, რათა გამოვლინდეს გაუარესებული დემოგრაფიული ვითარების მიზეზები, მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობები და ის ბარიერები, რაც ხელს უშლის დემოგრაფიული პროცესების სტიმულირებას.
საბჭოს წევრებმა განიხილეს აბორტის საგანგაშო სტატისტიკა. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით დამატებითი ღონისძიებების დაგეგმვის აუცილებლობას.
ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრებმა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული ინიციატივების პაკეტი წარმოადგინეს, რომელიც მოიცავს როგორც უკვე არსებული პროგრამების გაფართოებას, ისე ახალ პროექტებს. აღნიშნული ინიციატივების პაკეტს დემოგრაფიული საბჭოს მომდევნო სხდომაზე სამუშაო ჯგუფი უფრო დეტალურად პროექტების სახით წარადგენს.