როდესაც ვერ იღებ ქვეყანაში 95 ათას ხმას, ეს ნიშნავს, რომ რეალურად პარტია არ ხარ. თუ გადახედავთ ამ პოლიტიკურ სუბიექტებს, როგორიც არის „ლელო“, „გირჩი“, „გახარია'' და ასე შემდეგ, სინამდვილეში არც ერთი პოლიტიკური პარტია არ არის. სინამდვილეში ესენი არიან რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი კლუბები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მან 2022 წლის ოქტომბერში გააკეთა განცხადება, რომ ბარიერის დაწევის საკითხზე დაპირება ანულირებული იყო.
„2022 წლის ივლისში გაიცა დაპირება 2022 წლის დეკემბერთან დაკავშირებით, მის მერე ოპოზიციამ ერთი წელი ყველაფერი გამოიყენა, რომ ეს რადიკალური დღის წესრიგი გაეგრძელებინა, შესაბამისად, ეს დაპირება დღის წესრიგიდან მოხსნილია, რომელიც უკავშირდებოდა 2022 წლის დეკემბერში მისაღებ გადაწყვეტილებას. ასევე, მინდა, შეგახსენოთ, 2022 წლის 12 ოქტომბერს უკვე ცნობილი გახდა, რომ დეკემბერში ევროპული საბჭო აღარ იმსჯელებდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ამის შემდეგ, 18 ოქტომბერს მე ბრიფინგზე უკვე დავაფიქსირე, რომ არავითარი ვალდებულება და დაპირება აღარ არსებობდა. მე დავაფიქსირე, რომ ეს დაპირება იყო ანულირებული“, - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბარიერის დაწევის თემა მოხსნილია და მმართველი გუნდი მის განხილვას არ აპირებს.
„შეხედეთ სოციოლოგიური კვლევის შედეგებს, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ყველა პარტია არის ხუთ პროცენტს ქვემოთ, აქედან გამომდინარე, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შევიდნენ პარლამენტში და ეს არის სუბიექტური ინტერესი. ხუთი პროცენტის მიღებას სჭირდება დაახლოებით 95 ათასი ხმა, როდესაც ვერ იღებ ამ ხმებს, ეს ნიშნავს, რომ პარტია არ ხარ, როგორიცაა „ლელო“, „გირჩი“, გახარია და. ა.შ, სინამდვილეში არცერთი პოლიტიკური პარტია არ არის, არის რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი კლუბი და სწორედ ამიტომ ვერ იღებენ ხმათა ხუთ პროცენტს. ასეთი პარტიებისთვის ბარიერის დაწევა არ იქნებოდა რაციონალური და არც ვაპირებთ ამ საკითხის განხილვას“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე განმარტებით, კეზერაშვილის თაოსნობით, ხელოვნურად ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის დაბლა დაწევა.
„რეალურად რასაც ვუყურებ, აშკარად არის ვიღაცის მხრიდან მიღებული ტაქტიკური გადაწყვეტილება, რომ „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი მაქსიმალურად დასწიონ დაბლა. ეს არის ერთგავრი ტაქტიკური გათვალა იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობასთან“ დაკავაშირებული სხვა პარტიები ამოვიდნენ ზემოთ, ხუთპროცენტიან ბარიერს ზემოთ, ამიტომ კეზერაშვილის თაოსნობით, ხელოვნურად ხდება „ნაცმოძრაობის“ რეიტინგის დაბლა დაწევა. სწორედ ამიტომ დანიშნეს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ ხაბეიშვილი, სწორედ ამიტომ მიდის ეს გაუთავებელი კიკნლაობა პარტიის შიგნით. რა უნდა კაცის გარიცხვას, თუ გინდა, აქამდე გარიცხავდი, თუ არ გაწყობს „ნაცმოძრაობის“ სრული დაკნინება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.