"ქურდული სამყაროს" წევრობისთვის, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისა და მიმართვის ფაქტებზე, 19 პირს ბრალდება წარუდგინეს

15 ნოემბერი 2023, 13:20 476 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და ,,კანონიერი ქურდისთვის ან ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე, 19 პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ორ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრები, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, საზღვარგარეთ მყოფი  ე.წ. ,,კანონიერი ქურდების“ დავალებით, საქართველოში ,,ქურდულ გარჩევებს“ სისტემატიურად აწყობდნენ და მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს იხილავდნენ. ასევე, რვა ბრალდებულმა დავის მათ სასარგებლოდ გადასაწყვეტად ,,ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლებს მიმართა.

"6 პირს  ბრალდება 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; 5 პირს ბრალდება 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, მათგან 1 პირს დაუსწრებლად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, ხოლო 8 პირს - 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით (,,კანონიერ ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა), რაც სასჯელად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"- აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეებზე  გამოძიება გრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში