"ცაჰალი“ ღაზის უდიდეს საავადმყოფოში შევიდა

15 ნოემბერი 2023, 10:14 820 ნახვა

ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციას განაგრძობს. თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ალ-შიფას საავადმყოფოში შევიდნენ, რომელიც ანკლავის მთავარი ჰოსპიტალია.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, საავადმყოფოს ტერიტორიაზე ისრაელის არმიის 6 ტანკი და ასობით სპეცრაზმელია მობილიზებული. ისინი გადაუდებელი დახმარების  მთავარ კორპუსში შეიჭრნენ.   

საავადმყოფოში შეტაკებების ან სროლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. "ჰამასის" მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა  ,,ალ ჯაზირას'' განუცხადა, რომ ისრაელელი ჯარისკაცები საავადმყოფოს სარდაფს ეძებენ. ისრაელი და შეერთებული შტატები ირწმუნებიან, რომ ღაზის სექტორში ,,ჰამასის'' ყველაზე დიდი მიწისქვეშა სამეთაურო პუნქტი  ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ მდებარეობს.  

მას შემდეგ, რაც ისრაელის არმიამ ალ-შიფას საავადმყოფოში ოპერაცია დაიწყო, "ჰამასმა"  გაავრცელა განცხადება, რომელშიც ამ ოპერაციის შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა ისრაელსა და პირადად აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დააკისრა. "ჰამასი" უარყოფს, რომ  საავადმყოფოს თავისი მიწისქვეშა სამეთაურო და საყრდენი პუნქტისთვის ფარად იყენებს.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, კომპლექსში 4100 ადამიანი იმყოფება. 

საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა თელ-ავივშიც. თავდაცვის სისტემამ „ჰამასის“ მიერ ნასროლი რაკეტები გაანეიტრალა. რაკეტების ნამსხვრევები დასახლებულ რაიონებში ჩავარდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი