როგორ შეიძლება პარტია დაარქვა იმ პოლიტიკურ წარმონაქმნს, რომელიც ფიქრობს, რომ დაახლოებით 100 ათასამდე ხმას ვერ მოაგროვებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ოპოზიციას პარლამენტის მანდატები უნდა თორემ, რამე გამარჯვების შანსზე რომელიმე რომ ფიქრობდეს, ბარიერს საერთოდ არ შეეხებოდნენ.
„ირაკლი კობახიძემ 2022 წლის ზაფხულში განაცხადა, რომ თუ დეკემბერში მივიღებდით სტატუსს, ამ შემთხვევაში ბარიერი დაიწევდა. თუმცა 2022 წლის ზაფხულს აღარავინ ახსენებს, რადგან იქნებ ვიღაც მოტყუვდეს იმით, ეს ხომ არ არის წელს გაკეთებული განცხადება. შეგნებული მანიპულაცია და მავნებლობაა მათი მხრიდან. მეორე მხრივ, ისინი ბარიერის დაწევას რომ ითხოვენ, საუბარია პარლამენტარობაზე და არა რამე სხვა სახის წარმატებაზე. უბრალოდ, პარლამენტის მანდატები უნდათ თორემ, რამე გამარჯვების შანსზე რომელიმე რომ ფიქრობდეს, ბარიერს საერთოდ არ შეეხებოდნენ. როგორ შეიძლება პარტია დაარქვა იმ პოლიტიკურ წარმონაქმნს, რომელიც ფიქრობს, რომ ვერ მოაგროვებს დაახლოებით 100 ათასამდე ხმას. მაქსიმუმია ეს, რაც 5%-იანი ბარიერის გადასალახად არის საქართველოში საჭირო. თუ 100 ათასზე და 90 ათას ხმაზე მეტს ვერ იღებ, რომელ პარტიაზეა ლაპარაკი?“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.