იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა შს სამინისტროს ინიციატივას. საუბარია ზამთრის პერიოდში ე.წ. ზამთრის საბურავების მქონე ავტომობილებით გადაადგილების ვალდებულებაზე.
ცვლილება 1 დეკემბრიდან შედის ძალაში და 1-ელ მარტამდე, დადგენილ ზონებში, უღელტეხილებსა და მაღალმთიან რეგიონებში დაწესდება მოთხოვნა, რომ სატრანსპორტო საშუალებას ოთხივე ბორბალი აღჭურვილი ჰქონდეს ზამთრის საბურავით. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი ამ მოთხოვნას არ შეასრულებს, მას დაეკისრება ჯარიმა 100 ლარი, მართვის მოწმობაზე კი 5 ქულა დააკლდება.
განსაკუთრებულ შემთხვევაში მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, ორ ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების ქონის ვალდებულება იარსებებს.