საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოქალაქის სარჩელი, რომელიც უცხოეთში დისტანციური სწავლის შედეგად აღებული დიპლომის აღიარებას მოითხოვდა. სასამართლოს განათლების სამინისტროს წინააღმდეგ ეკატერინე ფიფიამ გასულ წელს მიმართა. სარჩელში სადავოა ნორმები, რომელიც ადგენს,რომ საქართველოში არ ხდება პირის მიერ მიღებული იმ განათლების აღიარება, რომელიც მან შეიძინა უცხოეთში, დისტანციური სწავლების შედეგად. მოსარჩელე განმარტავს, რომ დისტანციური სწავლება განათლების მიღების ერთ-ერთ თანამედროვე ფორმას განეკუთვნება, რომელიც აპრობირებულია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. მისი აზრით, გასაჩივრებული რეგულაციები არათანაზომიერად ერევა განათლების ფორმის არჩევის უფლებაში. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით შეიძლება ისარგებლონ სხვა სტუდენტებმაც და მათ მიერ აღებული დიპლომის აღიარების მოთხოვნით განათლების, კულტურისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართონ.