ევროკავშირი არ ითხოვს საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ეს არის აბსურდი - შალვა პაპუაშვილი

06 ნოემბერი 2023, 14:00 437 ნახვა

ევროკავშირი არ ითხოვს საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. ეს არის აბსოლუტური აბსურდი, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ცდილობს, რუსეთისთვის სანქციების დაწესება და სააკაშვილის გათავისუფლება კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის აუცილებელი პირობები გახდეს. პაპუაშვილი ამას „კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ბოლო გაბრძოლებას“ უწოდებს.

"ეს არის აბსოლუტური აბსურდი. ევროკავშირი არ ითხოვს საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. თუკი მოითხოვდა, რა თქმა უნდა, ამის პარალელურად უნდა მოეცათ ჩვენთვის სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები. ამ გარანტიების გარეშე, რა თქმა უნდა, არც ევროკავშირი და არც ნატო, არავინ ითხოვს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რადგან ყველა ხვდება, რომ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება ნიშნავს ეკონომიკურ კატასტროფას (დათვლილია, რომ 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა ამ შემთხვევაში) და სამხედრო დაპირისპირების რისკს საქართველოში - რუსეთთან პირდაპირ, ირიბად, სხვადასხვა პროქსი ჯგუფების გამოყენებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მთავარია რამდენად პოზიტიურად შეაფასებს ევროკავშირი ამა თუ იმ ნაბიჯს.

"მთავარი ის კი არ არის, რამდენი რეკომენდაცია გაქვს, მთავარია რამდენად პოზიტიურია შეფასება და დინამიკაში რამდენად პოზიტიურად აფასებს ევროკავშირი ამა თუ იმ ნაბიჯს. ამიტომ, არითმეტიკას აქ მნიშვნელობა არ აქვს. დაველოდოთ შეფასებას. ეს ევროკავშირთან ურთიერთობის პროცესია. ჩვენ არა თუ 12, 252 რეკომენდაცია გვექნება შესასრულებელი - იმდენი საკითხია ასოცირების შეთანხმებაში დარჩენილი. არ დაგვავიწყდეს, ამ 12-ზე რომ ვკონცენტრირდებით, სინამდვილეში იმდენი საქმეა გასაკეთებელი. ასოცირების შეთანხმების ნახევარი უკვე შევასრულეთ. ეს დიდი მიღწევა არის, მაგრამ მეორე ნახევარი ჯერ კიდევ შესასრულებელია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მათ არა აქვთ იმის მოლოდინი, რომ თორმეტივე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებულად გამოცხადდება არც საქართველოს, არც უკრაინის და არც მოლდოვის მიმართ.

„ჩვენ ამ ვამბობდით, რომ რეკომენდაციებში არის საკითხები, რომლებიც შეიძლება ერთჯერადად გადაწყდეს. მაგალითად სახალხო დამცველის არჩევა ერთჯერადი საკითხია, ავირჩიეთ და დამთავრდა. მაგრამ მაგალითად დეპოლარიზაცია არ არის ერთჯერადი საკითხი. ეს არის განგრძობითი პროცესი და რა თქმა უნდა, ამას ევროკავშირი უფრო ხანგრძლივ ჭრილში აკვირდება, ისევე, როგორც მაგალითად მოლდოვის შემთხვევაში საჯარო სამსახურის რეფორმა. ეს არ არის საკითხი, რომელიც კანონის მიღებით წყდება. იქაც დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი საკითხები არ იქნება ბოლომდე ჩახურული. ზოგადად ინტეგრაციის საკითხი არის განგრძობითი პროცესი, წლები დასჭირდება ევროკავშირში ჩვენს გაწევრიანებას და ყველა ეს საკითხი ყოველთვის იქნება დღის წესრიგში“, - განმარტა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი