პარლამენტთან ერთად მომდევნო ერთი თვის განმავლობაში გავაგრძელებთ 2024 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაზე მუშაობას, რომელიც დეკემბერში წარედგინება პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ფინანსთა მინისტრის განმარტებით, 2024 წლის ბიუჯეტი გაიზრდება 700 მლნ ლარით, რისი წყაროც იქნება საგადასახადო შემოსავლები.
"ეს იქნება ორი ძირითადი მიმართულება – ეს არის საფინანსო სექტორი, რომლის ანალიზიც გაკეთდა დამატებით. თქვენ იცით, რომ გასულ წელს მოხდა შესაბამისი ცვლილებები საგადასახადო დაბეგვრის მიმართულებით, რამაც დამატებით 300 მლნ ლარის შემოსავალი მოუტანა საქართველოს ბიუჯეტს საფინანსო სექტორიდან და ასევე, ცვლილებები არის გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის მიმართულებით. კერძოდ, 10-პროცენტიანი მოგების გადასახადი გაიზრდება 15 პროცენტამდე, ხოლო თანხის გატანის გადასახადი, რომელიც იყო 2 პროცენტის ოდენობით, გაიზრდება 5 პროცენტამდე. აღნიშნული ცვლილებებიდან ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტი საგადასახადო შემოსავლების ნაწილში დამატებით მიიღებს 700 მლნ ლარს, რომელიც გადანაწილდება შესაბამის სამინისტროებზე“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, დამატებით 160 მლნ ლარი გამოიყოფა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის და მისი ბიუჯეტი იქნება 2 მლრდ 500 მლნ ლარი.
„ეს არის მნიშვნელოვანი ზრდა. ხოლო მომდევნო წელს განათლების ბიუჯეტი 400 მლნ ლარზე მეტით გაიზრდება. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს დამატებით მოძიებული თანხები მიემართება სკოლების მშენებლობისთვის და ასევე მასწავლებელთა ხელფასების მატებისათვის, რომლისთვისაც 130 მლნ ლარი უკვე პირველ წარდგენაზე იყო გათვალისწინებული. დამატებით 30 მლნ ლარი მიემართება ხელფასების ზრდისთვის, რაც ჯამში 160 მლნ ლარია და უკვე ახალი ხელფასების სტრუქტურის შესაბამისად, საშუალოდ სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდა იქნება საშუალოდ 500 ლარის ფარგლებში, რაც ბუნებრივია, ხელფასების მნიშვნელოვანი ზრდა არის განათლების სექტორში“, - განაცხადა ხუციშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯანდაცვის ბიუჯეტი იზრდება 65 მლნ ლარით.
„გაიზრდება ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება და პენსიონერები მთელი წლის განმავლობაში მიიღებენ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს სრულიად უფასოდ. დაიწყება ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევის დაფინანსება, რაც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის საკმაოდ დიდ დანახარჯებთან იყო ყოველთვის დაკავშირებული. ასევე თანხის ნაწილი მიიმართება ყოფილი პოლიციელებისა და ჯარისკაცები საპენსიო უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიმართულებით, აქ არსებული 560 ლარიანი ზღვარი გაიზრდება უკვე 1000 ლარამდე და გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ საშუალოდ 20 პროცენტით გაიზრდება დამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა.ასევე ტერიტორიული მთლიანობისთვის თავისუფლების და დამოუკიდებლობისთვის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის დაღუპულთა, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების კომპენსაცია 1 000 ლარიდან გაიზრდება 1 200 ლარამდე.
ჩვენ შევეცადეთ, რომ ფაქტობრივად ყველა კატეგორიას შევხებოდით, როდესაც ვზრდიდით შესაბამის გასაცემლებს და შესაბამისად, დაახლოებით 8 000-მდე ადამიანს გაეზრდება ასევე შესაბამისი კომპენსაციები, ისეთ ჯგუფებში, როგორიც არის 9 აპრილის მონაწილეთა, პოლიტრეპრესიულთა ოჯახის წევრების ყოველთვიური საყოფაცხოვრებო სუბსიდია. რიგ შემთხვევაში არის მნიშვნელოვანი ზრდა – 7-ლარიანი გაზზე გასაცემი გაიზრდება 40-ლარამდე, 22-ლარიანი 60 ლარამდე, 44-ლარიანი 80 ლარამდე. ასევე მნიშვნელოვანი ახალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად საცხოვრებლით უზრუნველვყოფთ უსახლკარო მრავალშვილიან ოჯახებს. ამ მიზნით, მხოლოდ 2024 წელს გამოყოფილი არის დაახლოებით 25 მლნ ლარი, რაც საკმარისი იქნება 500 ოჯახისთვის ბინების შესაძენად, ხოლო მომდევნო წელს, ანალოგიურად ეს რიცხვი დაახლოებით 1 000-მდეა შეფასებული, მომდევნო წელსაც, ანუ 2025 წელს ანალოგიურად 500 ოჯახის შესაბამის საცხოვრებლით უზრუნველყოფს სახელმწიფო. დამატებით 25 მლნ ლარი გამოიყოფა შემდგომ ამისთვის“, - განაცხადა ხუციშვილმა.
მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტროსთვის გამოიყოფა დაახლოებით 150 მლნ ლარი ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, როგორიც არის ანაკლიის პორტის მშენებლობა.
„ჩვენ 20 მლნ ლარი წელს გამოვყავით, 50 მლნ ლარი იქნება მომდევნო წელს, ჯამში 70 მლნ ლარი. იცით, რომ ახლა მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევა ანაკლიის პროექტში და შესაბამისად, სახელმწიფო უზრუნველყოფს თავისი წილის პროპორციულად იმ თანხის დახარჯვას, რა თანხებიც იქნება საჭირო იმისთვის, რომ პორტის მშენებლობა დაიწყოს მომდევნო წელს. გარდა ამისა, განახლდება ინფრასტრუქტურა აეროპორტებში. ქუთაისის აეროპორტში, ასევე თელავის აეროპორტის ფაქტობრივად მშენებლობა იგეგმება და ასევე განხორციელდება ვაზიანის ახალი აეროპორტის სრული ეკონომიკური კვლევა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოიყოფა დამატებით 50 მლნ ლარი. თბილისსა და რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დამატებით 110 მლნ ლარია გათვალისწინებული წარდგენილ ბიუჯეტში.
თავდაცვის სამინისტროს დაემატება დამატებით 10 მლნ ლარი. სპორტის მიმართულებით დამატებით გამოიყოფა 20 მლნ ლარი, საიდანაც 15 მლნ ლარი მოხმარდება სპორტულ ფედერაციებს, ხოლო 5 მლნ ლარი მიემართება დამსახურებულ სპორტსმენების, მწვრთნელების და საექიმო პერსონალის ყოველთვიურო სტიპენდიების ზრდისთვის. ელექტრონული არჩევნების ჩასატარებლად დამატებით გამოიყოფა 25 მლნ ლარი და ჯამში, ამ მიზნით 2024 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხა არის 125 მლნ ლარი.
ეს არის ის ძირითადი სიახლეები, რაც გათვალისწინებულია 2024 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაში. ჩვენ პარლამენტთან ერთად მომდევნო ერთი თვის განმავლობაში გავაგრძელებთ კიდევ ბიუჯეტის უკვე საბოლოო ვერსიაზე მუშაობას, რომელიც დეკემბერში წარედგინება პარლამენტს და იქნება 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცდება“, - განაცხადა ხუციშვილმა.