დივერსიაზე ვინ, ვინ და მიხეილ სააკაშვილი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც კონტეინერით შემოიპარა საქართველოში, არ უნდა საუბრობდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ერთადერთი დივერსია, რომელიც ჩვენ ვნახეთ იყო 2022 წლის ოქტომბერში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი შემოიპარა კონტეინერით საქართველოში. ზუსტად ეს იყო დივერსიული ქმედება, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ იყო დაგეგმილი და მიხეილ სააკაშვილი, როგორც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ მართული ადამიანი შემოაპარეს კონტეინერით არჩევნებამდე ორი დღით ადრე იმისთვის, რომ ქვეყანა აერიათ, დესტაბილიზაცია მოეხდინათ“, - განმარტა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დღეს ქვეყანა უნდა იყოს მობილიზებული, რადგან საფრთხის ქვეშ იმყოფება. სააკაშვილის თქმით, საქართველოში შემოსულია დივერსიული ჯგუფი, რის გამოც „სამოქალაქო თავდაცვისთვის“ ცხელი ხაზის შექმნა სურს.