„ნაცმოძრაობა“ დაშლილია და ეს არის კარგი, რათა მომდევნო პარლამენტში მივიღოთ ისეთი პოლიტიკური სპექტრი, რომელიც წაადგება ჩვენი ქვეყნის განვითარების ინტერესებს - კობახიძე

25 ოქტომბერი 2023, 12:55 494 ნახვა

მელიას უნდა, რომ მაინც და მაინც გარიცხონ პარტიიდან, თავმოყვარეობის საკითხია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, „ნაცმოძრაობა“ დაშლილია, რაც კარგია.

„რატომ უნდა გინდოდეს მაინც და მაინც გარიცხვა, როცა შეგიძლია, შენ თვითონ დატოვო ის პარტია, სადაც ხაბეიშვილთანაც კი წააგე თავმჯდომარეობის არჩევნები. ეს არის მათი საქმე. რაც მთავარია, „ნაცმოძრაობა“ დაშლილია, კიდევ უფრო მეტად იშლება და ეს არის კარგი იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მომდევნო პარლამენტში მივიღოთ ისეთი პოლიტიკური სპექტრი, რომელიც წაადგება ჩვენი ქვეყნის განვითარების ინტერესებს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე შეფასებით, კარგია, რომ ძალიან ბევრი 2-3%-იანი პოლიტიკური სუბიექტი იქმნება.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს, რამდენად მოსალოდნელია გიორგი გახარიას, ნინო ლომჯარიასა და სალომე ზურაბიშვილის ერთობა.

„ეს მეტად გააძლიერებს ჩვენს საარჩევნო პოზიციებს. ძალიან კარგია ის ტენდენცია, როგორც მიდის დღემდე ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, გუშინ ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰქონდათ აღიარების დღე.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ისინი თვეებია საუბრობენ იმაზე, რომ ოპოზიცია ლობირებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ.

კობახიძის თქმით, ხათუნა სამნიძე კონკრეტულ ადამიანებს გულისხმობდა, როდესაც აღნიშნულ განაცხადებას აკეთებდა.

„რაც შეეხება კონკრეტულად სამნიძის განცხადებას, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ის გულისხმობდა კონკრეტულ სუბიექტებს, კერძოდ ეს არის პარტია „ნაცმოძრაობა“, ეს არის „ლელო“ და ეს არის გვარამია, ამ სამ სუბიექტზე ჰქონდა მას ინფორმაცია. თუმცა, დეტალებს არ აკონკრეტებს, მაგრამ ზუსტად ვიცით ჩვენ, რომ ეს სუბიექტები დადიოდნენ ევროპაში და არა მარტო ევროპაში, ისინი ლობირებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. რასაც ვამტკიცებდით ამდენი ხნის განმავლობაში, ის პრაქტიკულად დაადასტურა თავად ოპოზიციის წარმომადგენელმა სამნიძემ“, – განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სხვა გზავნილებით მიდიან პარტნიორებთან და ხელს უშლიან სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი