ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა

24 ოქტომბერი 2023, 18:38 410 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის შეხვდა.

ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესზე იმსჯელეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ოლივერ ვარჰეის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

პრემიერ-მინისტრმა ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ 12 პრიორიტეტით გათვალისწინებული რეფორმების შესასრულებლად, საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა სათანადოდ აისახება ევროკომისიის ანგარიშში და ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები და ის რეფორმები, რომლებიც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განახორციელა ქვეყანამ. ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ოლივერ ვარჰეიმ უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე მოსაზრებები გაცვალეს.

პრემიერ-მინისტრმა ევროკომისარს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი