საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და ნორვეგიული კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა და მისმა თანამზრახველებმა დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ნორვეგიული კომპანიის საბანკო ანგარიშების განკარგვაზე უფლებამოსილი იურიდიული პირის წარმომადგენელს ყალბი ელექტრონული შეტყობინება და დოკუმენტები გაუგზავნეს, რის საფუძველზეც კომპანიის კუთვნილი 37 473 ევრო საქართველოში, ბრალდებულის კონტროლირებად საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხინეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა ურთიერთშორის გაინაწილეს.
"ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეს ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
საქართველოს პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.