ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ კოპენჰაგენში გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციებში საუბარია, მათ შორის, საქართველოზე, სადაც გამოხატულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა. 485-ე რეზოლუციაში „სტაბილურობა და უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ“ ვკითხულობთ ჩანაწერებს საქართველოსთან დაკავშირებით.
„ძლიერად ვგმობთ რუსეთის გაუმართლებელ, არაპროვოცირებულ, უკანონო და სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ, ისევე როგორც საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას, რომელიც არის რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე ყოველდღიური, ცხადი და ღია მუქარა ალიანსის უსაფრთხოების და ევროატლანტიკური სივრცის მშვიდობისა და სტაბილურობისადმი.
ვგმობთ რუსეთის გაცხადებულ მისწრაფებას, რომ ააშენოს ფლოტისთვის ბაზა ოჩამჩირეში, რომელიც მდებარეობს რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე, რაც საფრთხეს წარმოადგენს შავი ზღვის რეგიონში მომავალი დესტაბილიზაციისთვის.
რეზოლუცია მოუწოდებს ნატო-ს წევრ მთავრობებსა და ალიანსის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, გააგრძელონ ასპირანტ საქართველოსთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და მოლდოვის რესპუბლიკასთან არსებული თანამშრომლობის გაძლიერება და განვითარება.