ჩვენი საბანკო სისტემა ძლიერია ისე, როგორც არასდროს, გვაქვს კომუნიკაცია ინვესტორებთან, რათა ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია - ლევან დავითაშვილი

26 სექტემბერი 2023, 15:58 590 ნახვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ნათია თურნავამ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას.

მისივე თქმით, პოლიტიკური ნიშნით განპირობებული აჟიოტაჟი დამაზიანებელია როგორც ქვეყნის, ისე საფინანსო სექტორის რეპუტაციისთვის.

„ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან, ყველა ბანკთან. სამწუხაროდ, დამაზიანებელია ხოლმე აჟიოტაჟი, რომელიც ძირითადად პოლიტიკური ნიშნით არის განპირობებული. აზიანებს რეპუტაციას, როგორც ქვეყნის, ისე კონკრეტულად საფინანსო სექტორის. მგრძნობიარეა საფინანსო სექტორი. ამიტომ, კიდევ ერთხელ პასუხისმგებლობა მოითხოვს, ჩვენ სათუთად მივუდგეთ ასეთ საკითხებს და არ დავაზიანოთ, მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ბანკების ძირითად ინვესტორებთან, ძირითად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, აქ ძალიან მკაფიოდაა ყველაფერი და ბანკებშიც რეალურად დღეს არის აბსოლუტურად სიმშვიდე, სტაბილურია ჩვენი საფინანსო სექტორი.

 

მინდა, გითხრათ, საკმაოდ მდგრადია საფინანსო სექტორი. ასე რომ, ჩვენ ჩვენი ზედმეტი აჟიოტაჟით შეიძლება განგებ დავაზიანოთ, მაგრამ ეს არის უპასუხისმგებლო, იგივე პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესი. სხვა შემთხვევაში, მინდა, კიდევ ერთხელ დაგიდასტრუროთ, რომ ჩვენ ბანკებთან გვაქვს მჭიდრო კომუნიკაფცია, კავშირი, ბანკებს არ აქვთ ჩვენთან კომუნიკაციის პრობლემა და ჩვენ სამუშაო რეჟიმში ძირითად გადაწყვეტილებებზე ვმსჯელობთ, მათ შორის ძირითად გამოწვევებზეც ერთად ვმსჯელობთ. დღეს ჩვენი საბანკო სისტემა ძლიერია ისე, როგორც არასდროს, მათ შორის ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს მნიშვნელოვან ინვესტორებთან, ჩვენს ბანკებში ინვესტორებთან, რათა ობიექტური ინფორმაცია ჰქონდეთ ჩვენს ძირითად პარტნიორებს საქართველოს საფინანსო სისტემის შესახებ, რომ აქ არ არის რისკები და საქართველო არის საიმედო საინვესტიციო პარტნიორი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე განცხადებით, პოლიტიკური ძალების მხრიდან ორგანიზებულია ანტიჩინური კამპანია. არის მცდელობა, ე.წ. ჩინური ფობია დაამკვიდრონ საზოგადოებაში.

მისივე თქმით, ეს ხელს არ უწყობს საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებს.

„ჩინეთი დღეს არის რიგით მეორე ეკონომიკა მსოფლიოში. ეს არის გლობალური ეკონომიკური ძალა. ყველაზე წამყვანი ეკონომიკები ჩინეთთან თანამშრომლობენ და ჩინეთთან თანამშრომლობაში ხედავენ, მათ შორის, ეკონომიკურ წარმატებას. საქართველსთვისაც ძალიან საინტერესო შესაძლებლობები ჩნდება, რომ მეტი იყოს აქტიურობა ჩინეთთან. ჩვენ ჩინეთთან კარგი და წარმატებული ეკონომიკური თანამშრომლობის ისტორია, პრაქტიკა გვაქვს. იცით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს ჩინეთთან. საუბარია იმაზე, რომ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებით მეტი ეკონომიკური სარგებელი მიიღოს ქვეყანამ ახალ დონეზე. ჩინეთისთვის პირველი და მეორე სავაჭრო პარტნიორები არიან ევროკავშირი და აშშ. ესენია ჩვენი ორი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი. ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობაც და ევროკავშირში ინტეგრაციაც. ამ შემთხვევაშიც, როდესაც ევროკავშირი ყურადღებით, სიფრთხილით, მაგრამ წარმატებით ახორციელებს ეკონომიკურ პროექტებს ჩინეთთან, ჩვენც ზუსტად ასევე, პასუხისმგებლობით, გამჭრიახად უნდა მოვახდინოთ ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზება. უსაფუძვლო, რაღაც პოლიტიკურად გამიზნულ, ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელ პროცესს არ უნდა ავყვეთ, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ეფუძნება არაკომპეტენტურობას, ასევე, ქვეყნის დამაზიანებელ მიზნებს. გავაგრძელებთ თანმიმდევრულ პოლიტიკას, მათ შორის, ჩინეთთან და სხვა ყველა სავაჭრო პარტნიორთან“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი