საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად რუმინეთში იმყოფება.
როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, რუმინეთში ვიზიტის მიზანია, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე კოლეგებთან საუბარი და მათი მხარდაჭერის მოპოვება.
"დღეს რუმინეთში ოფიციალურ ვიზიტს ვიწყებთ. შესაძლებლობა გვექნება, როგორც სენატში, ასევე წარმომადგენლობით პალატაში შეხვედრები გვქონდეს. პატივი მექნება, სენატის წინაშე სიტყვით გამოვიდე. რა თქმა უნდა, ჩვენი დელეგაციის ვიზიტის მიზანია, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ჩვენს კოლეგებთან საუბარი, მათი მხარდაჭერის მოპოვება. რუმინეთს განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით იმ პროექტებიდან გამომდინარე, რომელიც ახლა იწყება. მათ შორის, შავი ზღვის ღრმაწყლოვანი კაბელი, რომელიც საქართველოსა და რუმინეთს დააკავშირებს. ეს შესაძლებლობას შექმნის, ევროკავშირმა განახლებადი ენერგია მიიღოს, მათ შორის საქართველოდან.
ამას გარდა, რუმინეთს განსაკუთრებული როლი აქვს ახლანდელი ინტეგრაციის პროცესში. მას მოლდოვის მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა აქვს და ჩვენი სურვილია, ამ თვალსაზრისითაც მეტი იყოს მათი მხარდაჭერა. ცოტა ხნის წინ კანონპროექტების მთელი პაკეტები გადავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში. დარწმუნებული ვარ, პოზიტიური შეფასებები გვექნება და მეორეს მხრივ ვაჩვენებთ, რომ ჩვენს წილ საქმეს ვაკეთებთ. მთავარია, ევროკავშირმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს და ქვეყანამ სტატუსი მიიღოს.
ბევრი კვლევის მიხედვით, ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანას და კანდიდატ ქვეყანასაც ვუსწრებთ სხვადასხვა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს შედეგია იმ რეფორმების, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში განხორციელდა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის რუმინეთის სენატის პრეზიდენტთან, დეპუტატთა პალატის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან და რუმინეთის პარლამენტის ორივე პალატის კომიტეტების წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პლენარულ სესიაზე სენატის წევრებს სიტყვით მიმართავს. შალვა პაპუაშვილი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება რუმინეთის პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს.