„ღირსეული პასუხი 2023“ აქტიურ ფაზაში შევიდა. სწავლების პრაქტიკული ნაწილისთვის სპეციალური სიმულაციური სცენარია შემუშავებული, რომელიც ჰიბრიდული გამოწვევების პირობებში და კრიზისულ სიტუაციებში მედიის წარმომადგენლების მაქსიმალურ ჩართულობასა და პროფესიული საქმიანობის მაღალ დონეზე განხორციელებას ითვალისწინებს. მათ დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან გამკლავებაც უწევთ.
მედიის წარმომადგენლებისთვის ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი სპეციალური მედიაცენტრია მოწყობილი. სწავლების პრაქტიკული ნაწილი სხვადასხვა საველე სცენას მოიცავს.
სწავლებაში მონაწილე მედიის წარმომადგენლებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას თეორიული კურსის დროს შესწავლილი უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენება უწევთ, მათ შორისაა უსაფრთხოების ნორმების სწორად დაცვა კრიზისული სიტუაციების დროს და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა დაჭრილი მოქალაქისთვის.