ხელოვნურად იყო შექმნილი აჟიოტაჟი და ჩვენი მოქმედებით ფინანსური სისტემა გადარჩა, ფინანსური სისტემის ჩამოქცევის მცდელობაში პრეზიდენტს თანამზრახველის როლი ჰქონდა - მდინარაძე

21 სექტემბერი 2023, 15:00 645 ნახვა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თავის დროზე რომ არ შეეტანათ ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილება, რომლითაც აღმოიფხვრა ბუნდოვანება, ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, ვის უნდა შეესრულებინა მოვალეობა, დღეს სერიოზული ფინანსური კრიზისი დადგებოდა, ვინაიდან სამი ვიცე-პრეზიდენტი გადადგა.

"რამდენიმე თვის წინ ჩვენ შევიტანეთ კანონში ცვლილება, ბუნდოვანება, ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, ვის უნდა შეესრულებინა მოვალეობა, აღმოიფხვრა. ჯერ ისედაც სწორი იყო ეს ცვლილება, გაცილებით შესატყვისი ევროპული პრაქტიკის და აღმოიფხვრა ხარვეზი. მეორე, ჩვენ გვქონდა გარკვეული ინფორმაციები. რომ არა ეს ინფორმაციები და ასეთი სწორი დალაგება კანონის მიხედვით, ჩვენ დღეს გვექნებოდა სერიოზული ფინანსური კრიზისი, რაც უზრუნველყოფილი იქნებოდა იმით რომ, გუშინ სამი მოადგილე გადადგა. ამასობაში გაეპარათ ერთი დეტალი, რომ ორი კანდიდატი მანამდე წარმოადგინა პრეზიდენტმა. რომ მიხვდნენ, ფინანსური სისტემის ჩამოშლას სჭირდებოდა, ეს ორი ადამიანი არ დამტკიცებულიყო, შემდეგ გაწვევა მოინდომეს. ეს იყო ოქტომბერ-დეკემბრის აქციების მზადების ერთ-ერთი წინაპირობა და ვერ მოითმინეს, აქედანვე უნდოდათ დაწყება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის თქმით, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების არჩევით, ფინანსურ სისტემას პრობლემა აღარ ექნება. ამავდროულად, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკის ირგვლივ ხელოვნური აჟიოტაჟი იყო შექმნილი, რაც ქართულმა საზოგადოებამ კარგად დაინახა.

„საბედნიეროდ, ქართული საზოგადოება იმდენად სწორად ფიქრობს, გუშინ აქციაზე ორგანიზატორები იყვნენ მხოლოდ მისული. გუშინ ერთი ნეიტრალური ადამიანი კიარა, მათი აქტივისტებიც არ იყვნენ მისული, რადგან იყო აბსოლუტური ბლეფი, ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი და ამ ყველაფრით, რაც ჩვენ წინასწარ ვიმოქმედეთ, ფინანსური სისტემა გადარჩა, არანაირი პრობლემა არ აქვს იმ პირობებში, როცა ჩვენ დღეს უკვე ორი წევრი ავირჩიეთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ „ფინანსური სისტემის ჩამოქცევის მცდელობაში პრეზიდენტს თანამზრახველის როლი ჰქონდა“.

"მაყურებელმა განსაჯოს, არის თუ არა ფინანსური სისტემის ჩამონგრევის მცდელობა, როდესაც თავის წარმოდგენილ კანდიდატებს უკან იწვევს, შემდეგ აღმოაჩენს, რომ არ არის ნორმა, რომელიც ამას ითვალისწინებს და იბარებს ამ ორ კანდიდატს, ელაპარაკება, რომ თავად დაწეროს განცხადება. პრეზიდენტი რომ ამას აკეთებს, სხვა რაღაზე ვილაპარაკოთ. ის ამ საკითხში გლობალური ომის პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლების თანამზრახველია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ,  ეროვნული ბანკის საბჭოს ორ ვაკანტურ ადგილზე პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატები აირჩია.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი