პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა, მეორე პირის მიმართ კი ძებნა გამოცხადდა

20 სექტემბერი 2023, 11:55 507 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა, მეორე პირის მიმართ კი გამოცხადებულია ძებნა.

„პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წელს ნაძალადევის რაიონის გამგეობასა და „როიალ ტაბ გრუპპ-ის წარმომადგენლობას“ შორის, ელექტრონული ტენდერის შედეგის საფუძველზე, საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოების შესრულებაზე 523 500 ლარის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების შესრულების პროცესში „როიალ ტაბ გრუპ-ის წარმომადგენლობის“ დირექტორმა და იურისტმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საავანსო თანხის დაუფლება გადაწყვიტეს.

ამ მიზნით, კომპანიის იურისტმა ნაძალადევის რაიონის გამგეობაში „ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ სახელით შედგენილი ყალბი განცხადება წარადგინა, რის საფუძველზეც კომპანიას სახელმწიფო ხაზინიდან ავანსი სახით – 157 000 ლარი ჩაერიცხა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, სამუშაოს მხოლოდ თანხის ნაწილი მოახმარეს, ხოლო დარჩენილი – 98 000 ლარი მიისაკუთრეს.

ბრალდებულებმა ასევე, დაამზადეს და გამგეობაში წარადგინეს 45 000 ლარის სამუშაოების შესრულების ამსახველი ყალბი მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა დოკუმენტაცია“, – აღნიშნავენ საქართველოს პროკურატურაში.

მათივე ცნობით, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა კომპანიის დირექტორი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ბ“ და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორჯერ ნასამართლევი პირის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენების ფაქტებზე) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რაც შეეხება კომპანიის იურისტს, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალი  სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენების ფაქტებზე), რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობით, სასამართლომ ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა“, - აღნიშნავენ პროკურატურაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი