საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გამოძიების შედეგებს და შესაბამის მტკიცებულებებს ეფუძნება.
მისივე თქმით, გია ლორთქიფანიძე უკვე მეორედ იქნა მხილებული საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებების ორგანიზებაში.
„ეს გამოძიების მიერ მოძიებული ინფორმაციაა და არაა უბრალო ინფორმაცია, რომელიც სუს-ს აქვს. ესაა გამოძიების შედეგები, რომლებიც ეფუძნება შესაბამის მტკიცებულებებს. ამ ყველაფერს საზოგადოებაც ამჩნევდა, ხედავდა, რისკენ მიჰყავს ხოლმე რადიკალურ ოპოზიციას საზოგადოება. არ არის პირველი მცდელობა, რომ დესტრუქციის და არჩევნების გვერდის ავლით მოვიდნენ ხელისუფფლებაში. მნიშვნელოვანია, რომ სუს-მა საზოგადოება ამის შესახებ გააფრთხილა და წინასწარ მიაწოდა ინფორმაცია. მეორე მხრივ, ჩვენ გამოძიების დონეზე კიდევ ერთხელ ვნახეთ გია ლორთქიფანიძე, უკვე მეორედ იქნა მხილებული საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებების ორგანიზებაში. ეს ადამიანი, ეროვნებით ქართველი, თავისი სულით და გულით არაქართველი, საქართველოში ცდილობს, არიოს სიტუაცია. დადასტურებით ვიცით, მათ შორის სატელეფონო საუბრებიც გასაჯაროვდა მაშინ, რომ გია ლორთქიფანიძე იყო ორგანიზატორი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოპარებისა, რომლის ერთადერთი მიზანი იყო საქართველოში არევა, მათ შორის სიტუაციის სისხლისღვრამდე მიყვანა.
აქ ქილიკით საუბრობენ, კარავში ასაფეთქებელი ნივთიერების შეტანა ვის უნდა უნდოდესო, რა არ ვნახეთ ეს 7-8 მარტს? „მოლოტოვის კოქტეილი“ არ ვნახეთ პირველად საქართველოს ისტორიაში? რა გგონიათ, „მოლოტოვის კოქტეილი“ მართლა კოქტეილია? არის ასაფეთქებელი საშუალება, რომლითაც ადამიანს კლავდა ვიღაცა და ამაზე პარტიების, „ენჯეოების“ მხრიდან რეაქცია იყო ნული, გამართლება იყო მათგან. რამდენიმე „ენჯეომ“, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, მათ შორის „სირცხვილიამ“, კამპანიაც კი მოაწყო, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება. პლაკატზე გამოსახული იყო „მოლოტოვის კოქტეილი“, წარწერით – მე ვესროლე. ანუ, ეს „ენჯეოები“ ამართლებენ, რომ ადამიანს ცეცხლი წაუკიდო. პირდაპირ მიდიან დაპირისპირებაზე, რომ ძალადობრივი გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში. სამარცხვინოა ზოგიერთი ოპოზიციონერის განცხადება, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციას და ენდობიან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ინფორმაციას. ეს ხალხი ჩამოყალიბდეს, საქართველოს პატრიოტები არიან, თუ უკრაინის დაზვერვასთან თანამშრომლობაში მყოფი პოლიტიკოსები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.