"ხელვაჩაურის წყლის" ყოფილ უფროსი, დავით მიქელაძე ციხეში გარდაიცვალა

12 სექტემბერი 2023, 15:38 1771 ნახვა

"ხელვაჩაურის წყლის" ყოფილი უფროსი, დავით მიქელაძე ციხეში გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტს დავით მიქელაძის ადვოკატი ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ გარდაცვალების მიზეზი  ამ ეტაპზე უცნობია  და მას ექსპერტიზა დაადგენს.

"ჯერჯერობით ექსპერტიზის დასკვნა არ მაქვს, არ ვიცი გაუკეთდა თუ არა ყველაფერი. ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ვთხოვდი სასამართლოს გირაოთი გამოეშვა. ექსპერტიზის დასკვნას ველოდები და მექნება პრეტენზიები გარკვეული პირების მიმართ, რომ არ გაითვალისწინეს არც ასაკი და არც ჯანმრთელობის მდგომარეობა. შეეძლოთ ყველანაირი ბერკეტი გამოეყენებინათ, რომ ეს ადამიანი ასე არ განწირულიყო და სახლში მოეხადა შინაპატიმრობა. მე ვაფრთხილებდი და ვეუბნებოდი, რომ ერთ წელს ის ციხეში ვერ გაძლებდა. გული მტკივა იმაზე, რომ სასამართლოს ჰქონდა ბერკეტი სხვანაირად მოეხადა დათოს სასჯელი"- აცხადებს დავით მიქელაძის მეუღლე.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ "ხელვაჩაურის წყლის" ყოფილ უფროსს, დავით მიქელაძეს, აღკვეთი ღონისძიების სახით, 7 წლიანი პატიმრობა 2 თვის წინ შეუფარდა.

გამოძიება დავით მიქელაძეს ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხის, ნახევარი მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა.

მიქელაძე კორუფციულ სქემაზე ღიად საუბრობდა და დანაშაულში ხელვაჩაურის ყოფილი მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე დაასახელა. ამბობდა რომ, ჯამში 288 ათასი ლარი გადასცა ხელზე ჯუმბერ ვარდმანიძეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული, რომელიც 3 წელი, 2019-2021 წლებში იყო „ხელვაჩაურის წყლის“ დირექტორი, ფიქტიურად ასაქმებდა ადამიანებს.

მას პროკურატურა სხვადასხვა სამოხელეო დანაშაულთან ერთად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის – 520 ათასი ლარის ჯგუფურად მითვისებას ედავებოდა. დავით მიქელაძის ჩვენებით, ხელვაჩაურის მაშინდელი მერი ჯუმბერ ვარდმანიძე უშუალოდ იყო ჩართული ადამიანების ფიქტიურ დასაქმებაში და ყოველთვიურად იღებდა წილს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში