მთავარი ძალა, რომელიც საქართველოში პოლარიზაციას აღრმავებს, ეს არის უცხოური აგენტურა - ირაკლი კობახიძე

12 სექტემბერი 2023, 14:00 402 ნახვა

დეპოლარიზაცია რა თქმა უნდა, ყველაზე რთული ამოცანაა და ამ ამოცანის შესრულება არ არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე, „ქართულ ოცნებაზე“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, პოლარიზაციას აღვივებს არა იმპიჩმენტის პროცედურა, არამედ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა, საზოგადოება ამასთან დაკავშირებითაც თავის დასკვნებს გამოიტანს.

„მთავარი ძალა, რომელიც საქართველოში პოლარიზაციას აღრმავებს, ეს არის უცხოური აგენტურა. ეს შეიძლება ძალიან თამამად ითქვას. ვიდრე უცხოური აგენტურა ამ ამოცანით მოქმედებს, საქართველოში პოლარიზაცია იქნება. ვგულისხმობ შესაბამის პოლიტიკურ პარტიებს, მათთან დაკავშირებულ ენჯეოებსა და მედიასაშუალებებს. რაც შეეხება ამ კონტექსტში იმპიჩმენტზე საუბარს, პოლარიზაციას აღრმავებს არა იმპიჩმენტის პროცედურა, არამედ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებაზე, რომ საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს, გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოდოლიაკის ოცნებაა, მეორე ფრონტის გახსნა, რაზეც საუბრობდა არაერთგზის. მას უნდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.

„მეორე ფრონტს თუ არ გავხსნით, ჰგონია, რომ არ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. ეს არის პოდოლიაკის ფიქრები. ჩვენ სხვა მიზნები და სხვა დღის წესრიგი გვამოძრავებს. არც მეორე ფრონტი გაიხსნება საქართველოში და კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ. ეს არის ჩვენი მიზანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში