ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

12 სექტემბერი 2023, 12:00 566 ნახვა

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ღონისძიება, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია ათზე მეტი პირი.

თეიმურად კუპატაძის თქმით, ღონისძიება გრძელდება და დღის განმავლობაში დაკავებულების რაოდენობა გაიზრდება.

„ნარკორეალიზაციიდან მიღებული ფულადი თანხა, დაკავებულები არიან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. მე აქვე მინდა, საზოგადოებას ვაცნობო ჩვენს მიერ ბოლო პერიოდში ჩატარებული ღონისძიებების შედეგები, ბოლო პერიოდში ჩვენს მიერ დაკავებულია ნარკოდანაშაულის ბრალდებით 41 პირი, მათ შორის 32 ნარკორეალიზატორია, დაკავებულები არიან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, იემენის, ნიგერიის, ეგვიპტის, ირანის, რუსეთის, უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები. ამოღებულია სხვადასხვა სახის, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, როგორიცაა „კოკაინი“, „ჰეროინი“, „ალფა“, „პვპ“, „ელესდე“, „მარიხუანა“ და ა.შ. რაც შეეხება ლოკაციებს, ეს ჩვენთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტში ამ მიმართულებით მუშაობს ცალკე დანაყოფი, დარქნეტის მიმართულებით, ალბათ საზოგადოებამ იცის, რომ სხვადასხვა ლოკაციებზე ხდება ამ ადამიამების მიერ ნარკოტიკული საშუალებების განთავსება, ეს არის სადარბაზოები, სასაფლაოები, სკვერები, პარკები და ა.შ.

 

ჩვენს მიერ ყველა ასეთ შემთხვევაზე ხდება შესაბამისი რეაგირება, სადაც გვაძლევს ტექნიკური საშუალებები ამის საშუალებას, ხდება ამ ადამიანების იდენტიფიცირება და შემდგომში დაკავება, მაგრამ მინდა, ერთი კონკრეტული ქეისი გამოვყო, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დავაკავეთ უკრაინის მოქალაქე, ქალბატონი, რომელიც ათავსებდა სვეტიცხოვლის ეზოში, ცხრა ლოკაციაზე განათავსა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, რომლის რეალიზაციასაც ახდენდა სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით, დაკავებულია და გამოვლენილია ეს ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფი, ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულია რამდენიმე, მაგრამ ამ ეტაპზე დაკავებულია სამი პირი. სპეცოპერაცია მიმდინარეობს რუსთავში, ქუთაისში, თბილისში და სხვადასხვა რეგიონებში, კონკრეტულად ამ ლოკაციას რაც შეეხება, დაკავებულია აქ ამ ლოკაციაზე ერთი პირი, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები, რისი რაოდენობაც ამ ეტაპზე არ არის დადგენილი და დაადგენს ექსპერტიზა“, – განაცხადა კუპატაძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე გამთენიისას დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში