პრეზიდენტს აქვს „ნაცმოძრაობის“ იმედი და მათი იმედით არღვევდა კონსტიტუციას - კობახიძე

11 სექტემბერი 2023, 11:25 425 ნახვა

პრეზიდენტს აქვს „ნაცმოძრაობის“ იმედი და მათი იმედით არღვევდა კონსტიტუციას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოლოდინი არ აქვთ, რომ „ნაცმოძრაობა“ მხარს დაუჭერს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს.

"პრეზიდენტს აქვს „ნაცმოძრაობის“ იმედი და „ნაცმოძრაობის“ იმედით არღვევდა კონსტიტუციას. რა თქმა უნდა, არავითარი ილუზია არ გვაქვს, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მხარს დაუჭერს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავის დროზე მოღალატედ აფასებდნენ სალომე ზურაბიშვილს, ანუ სამმილიონიან ამომრჩეველს ატყუებდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო მოღალატე. შემთხვევით, ახლა ხომ არ ატყუებენ, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსული პარტია და ასე შემდეგ. ანუ, როცა „ნაცმოძრაობა“ არ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის იპიჩმენტს, ამით თვითონვე აღიარებს, რომ თავის დროზე სამმილიონიანი ამომრჩეველი უბრალოდ მოატყუა. ესეც ერთ-ერთი აღიარება, ლუსტრაცია, სალომე ზურაბიშვილისა და რადიკალური ოპოზიციის ერთიანობის გაშიშვლებაა.  ეს არის ძალიან ბევრი პლუსი, რაც თან ახლავს იმპიჩმენტის პროცედურას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, „ნაცმოძრაობას“ დღეს ორი მასხარა უდგას სათავეში, ხაბეიშვილი და ვაშაძე, ორი ცნობილი ლუზერი.

„ნაცმოძრაობას“ დღეს ორი მასხარა უდგას სათავეში, ხაბეიშვილი და ვაშაძე. ორი ცნობილი ლუზერი. ზოგადად კეზერაშვილს ახასიათებს ხოლმე მომგებიანი ინვესტიციები. ყველაზე საინტერესო მომგებიანი ინვესტიცია, რაც მან განახორციელა, არის ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელიც წერს მედიაში ერთპროცენტიან რეიტინგს და ეს არის ხაბეიშვილი, რომელიც წერს ერთ პროცენტს პოლიტიკაში. ღმერთმა ხელი მოუმართოს კეზერაშვილს.

 

ორი კომპანიაა, რომელიც ზომავს რეიტინგებს და ტელეკომპანია „ფორმულა“ არის ფსკერზე. ეს არის კეზერაშვილის ყველაზე იღბლიანი ინვესტიცია ხაბეიშვილთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ საოცრება უწოდა ნინო ლომჯარიას წარმოჩენას „არანაციონალად“.

„ეს ყოველ ჯერზე ხდება, ნამდვილად ასე იყო, რომ მუდმივად ცდილობენ, წარმოაჩინონ „არანაცებად“ „ნაცები“, ასე შექმნან ცალკე ხაზები საარჩევნოდ. გახარია ამის მაგალითი იყო, კიდე ვიზე იყო საუბარი, არ ვიცი, თუმცა ჩავარდა ეს პროექტი, საერთოდ არ არის საინტერესო. რაც შეეხება ლომჯარიას წარმოჩენას „არანაციონალად“ ეს მართლა საოცრებაა, ვინ გეგმავს ასეთ რაღაცებს უბრალოდ წარმოუდგენელია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში