საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკაში- ჯოზეფ ბორელი

07 სექტემბერი 2023, 20:27 638 ნახვა

საქართველომ უნდა გამოიყენოს დარჩენილი მოკლე პერიოდი, რათა შეასრულოს საჭირო საკვანძო რეფორმები, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მე ვხედავ ბევრ ევროპულ დროშას ამ ქალაქის ქუჩებში და მე ვიცი, რომ საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას. ნება მიბოძეთ, გამოვხატო ჩემი მადლიერება ყველა მათგანის მიმართ, ვინც დადგა საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. ევროკავშირში გაწევრიანება არის ეროვნული ამოცანა. ყველა აქტორმა უნდა იმუშაოს ერთად, კონსტრუქციულად, ერთიანად. ერთიანობა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

ჯოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის წევრებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

„ჩვენ განვიხილავთ უკვე მიღწეულ პროგრესს და იმ სამუშაოს, რომელიც ჯერ კიდევ შესასრულებელია, როგორც დასაწყისში აღვნიშნე. საქართველომ უნდა გამოიყენოს დარჩენილი მოკლე პერიოდი, რათა შეასრულოს საჭირო საკვანძო რეფორმები. ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ ასევე გამოხატულია ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით. ჩვენ ვართ ორმხრივი დახმარების უმსხვილესი მიმწოდებლები თითქმის 340 მილიონი ევროთი 2021-2024 წლების პერიოდში და ჩვენი ეკონომიკური საინვესტიციო გეგმით 1,3 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციებით“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მისი თქმით, შეხვედრების დროს თანამოსაუბრეებთან ასევე განიხილავს უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიული ომის ნეგატიურ შედეგებს და დაადასტურებს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭრას საქართველოს ტრიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

„მე ასევე აქ ვარ, რათა აღვნიშნო საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განთავსების 15 წლისთავი. ეს მისია დღედაღამ მუშაობს, რათა უზრუველყოს მშვიდობა და კონფლიქტის მშიდობიანი დარეგულირება. მან მუშაობა 2008 წელს დაიწყო. მას შემდეგ მისია პატრულირებს და ყოვლდღიურად ახორციელებს მონიტორინგს სეპარატისტული რეგიონების მიმდებარე რაიონებში. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, მოვინახულოთ ისინი ადგილზე ხვალ, თბილისში დაგეგმილი შეხვედრების შემდეგ“, – დასძინა ჯოზეფ ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოში ვიზიტის დაწყებისას ისაუბრა, საქართველოს წვლილზე ევროკავშირის უსაფრთხოების სფეროში.

„მინდა, ხაზი გავუსვა მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც საქართველომ შეიტანა ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკაში, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერების ჩვენს ძალისხმევას ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში, საიდანაც ხდება დაახლოებით 60 მილიონი ევროს გამოყოფა თქვენი ჯარის მედეგობისა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად. როგორც ხედავთ, ეს იქნება საკმაოდ დატვირთული ვიზიტი, მოუთმენლად ველოდები ძალიან საინტერესო მოლაპარაკებებს საქართველოს ხელისუფლებასთან და საზოგადოებასთან“, – განაცხადა ბორელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი