პირველად ბათუმში, ბათუმის საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალი მოეწყობა. ფესტივალის ორგანიზატორებია ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი და საქართველოს თოჯინების პროფესიული თეატრების გაერთიანება. ფესტივალის პირველ სეზონზე ძირითადად ქართული თეატრების სპექტაკლებს უჩვენებენ.
რეპერტუარი სპეციალურად შეირჩა, იქნება როგორც საკონკურსო, ასევე არასაკონკურსო ჩვენებები. ბათუმის საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალი ხვალ 16:00 საათზე თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ თეატრში გაიხსნება. გაიმართება არასაკონკურსო სპექტაკლის „საქართველო“ ჩვენება.
მოგვიანებით კი გიგანტურ, 6 მეტრიან თოჯინა ხეტიალასთან ერთად საოცრებათა მოედნისკენ მოეწყობა მსვლელობა, სადაც კახაბერის კონცერტი იგეგმება. ფესტივალი 13 სექტემბერს დაიხურება.
დასახელდებიან გამარჯვებულები, რომელთაც უცხოელი სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს.