ზურაბიშვილი უპირისპირდება ევროინტეგრაციას, ამას დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი, მაგრამ ის არღვევს კონსტიტუციას და ამაზე გვჭირდება რეაგირება - კობახიძე

31 აგვისტო 2023, 13:21 540 ნახვა

ცხადზე ცხადია, რომ კონსტიტუცია ძალიან უხეშად ირღვევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მას ფიცი აქვს დადებული ამ კონსტიტუციაზე, თუმცა ძალიან არღვევს, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა და ამაზე ჩვენ გვჭირდება შესაბამისი რეაგირება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც აღმასრულებელ ხელისუფლებას, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას ახორციელებს მხოლოდ საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, შესაბამისად, ის არ მონაწილეობს საგარეო პოლიტიკის განხორცილებაში.

"გარდა ამისა, უფრო კონკრეტულად საქართველოს კონსტიტუციაში მითითებულია, რომ საქართველოს მთავრობის თანხმობით არის მხოლოდ პრეზიდენტი უფლებამოსილი, განახორციელოს წარმომადგენლობითი ურთიერთობები საგარეო პოლიტიკაში და ასევე ჩაერთოს საერთაშორისო მოლაპარაკებებში. აქედან გამომდინარე, ცხადზე ცხადია, რომ კონსტიტუცია ძალიან უხეშად ირღვევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ. მას აქვს ფიცი დადებული ამ კონსტიტუციაზე, თუმცა ძალიან უხეშად არღვევს მას, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა და ამაზე ჩვენ გვჭირდება შესაბამისი რეაგირება. ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ. ზედმეტად დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი ამ თემას, ისედაც ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი უპირისპირდება ქვეყნის ევროინტეგრაციის ინტერესს. მნიშვნელობა არ აქვს ის ევროინტეგრაციის საპირისპირო განცხადებებს გააკეთებს საქართველოს პარლამენტის შენობაში თუ საგარეო ვიზიტის განხორციელების დროს. ეს ინფორმაცია ისედაც მიდის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან.

 

თქვენ გახსოვთ, საქართველოს პარლამენტის შენობიდან დაუპირისპირდა ჩვენს ევროპულ პერსპექტივას. კერძოდ, მან განაცხადა, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და უფრო მეტიც, თქვა, რომ წელსაც მხოლოდ ფორმალურად ხორციელდება ის რეფორმები, რომელიც გათვალისწინებულია ევროკავშირის დოკუმენტებში. შესაბამისად, გამოდის, რომ მისი აზრით, წელსაც არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს. როდესაც ასეთი გზავნილების შესახებ ძალიან კარგად იციან ჩვენმა პარტნიორებმა, გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი დაპირისპირებაშია ჩვენს ევროპულ პერსპექტივასთან“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირების ერთი თეორიული მექანიზმი იმპიჩმენტია, თუმცა მას 100 ხმა სჭირდება და ზურაბიშვილს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ იმედი აქვს.

„რაც შეეხება რეაგირებას, რეაგირების ერთი თეორიული მექანიზმი არის იმპიჩმენტი. ჩვენ რომ წავიდეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლო ძალიან მარტივად დაადგენს, რომ აქ პირდაპირ ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, ტექსტობრივი ინტერპრეტაციის საფუძველზე ძალიან მარტივად დადგინდება ეს, თუმცა იცით, რომ იმპიჩმენტს სჭირდება 100 ხმა და სალომე ზურაბიშვილს აქვს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედი. ამ გარანტიის გარეშე ის, რა თქმა უნდა, კინსტიტუციას უხეშად არ დაარღვევდა, მას აქვს გარანტიები მათი საერთო პატრონებისგან. სალომე ზურაბიშვილს და „ნაცმოძრაობას“ ჰყავთ საერთო პატრონები და მათი მხრიდან აქვს სალომე ზურაბიშვილს გარანტიები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ გარისკავდა და ასე უხეშად არ დაარღვევდა კონსტიტუციას. ვინ არიან, ამას არ ჩავუღრმავდები, არ დავაკონკრეტებ, მაგრამ საზოგადოება მეტ-ნაკლებად ალბათ გათვითცნობიერებულია, ვის შეიძლება ვგულისხმობთ ამაში, ეს არის გლობალური ომის პარტია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი