რუსულმა ძალებმა უკრაინის პოლტავის და დნეპროპეტროვსკის ოლქებზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც პოლტავის ოლქში 2 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.
პოლტავის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დმიტრო ლუნინის ინფორმაციით, დარტყმა სამრეწველო ობიექტზე განხორციელდა. ამ დროისთვის მაშველები ნანგრევებში კიდევ 2 ადამიანს ეძებენ.
რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგზეც. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაინგრა 2 და დაზიანდა 5 კერძო სახლი. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. თავდასხმის გამო, უკრაინის ოლქების უმრავლესობაში გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში. გამაფრთხილებელი სიგნალები ისმოდა მიკოლაევის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ოდესის ოლქებში.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსული ძალები, გასული დღე-ღამის განმავლობაში, წინსვლას სამი მიმართულებით, ლიმანის, ბახმუტისა და მარინკას მიმართულებით, ცდილობდნენ. მათივე ცნობით, რუსებსა და უკრაინელებს შორს, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 34 საბრძოლო შეტაკება მოხდა.