საქართველო ღვინის სამშობლოა, საქართველომ მისცა მსოფლიოს ღვინო და ჩვენ ამით ვამაყობთ, – ამის შესახებ საქარველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ( CCTV) ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
"საქართველო ნამდვილად არის ღვინის სამშობლო. ჩვენ ვამაყობთ ამით და, რა თქმა უნდა, მისი პოპულარიზაცია უნდა მოვახდინოთ ჩინეთში. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, თუნდაც ტურისტული ცენტრების გახსნას ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში, ქართული ღვინისა და ზოგადად საქართველოს უფრო აქტიურ პოპულარიზაციას. ეს შეიძლება ჩინელი ტურისტებისთვისაც საინტერესო იყოს. საქართველო ლამაზი ქვეყანაა, პატარა ქვეყანაა, მაგრამ უნიკალური, ასე ვიტყოდი. მას უნიკალური კულტურა აქვს, უნიკალური ხალხით, სტუმართმოყვარეობით, ღვინითა და ულამაზესი ბუნებით..
საქართველოში 22 კლიმატური ზონაა. ერთ ადგილასაა ყველაფერი თავმოყრილი, – გვაქვს უდაბნო, სუბტროპიკული ზონა, მთები, შავი ზღვა, როგორც იცით, მდინარეები – 26 000 მდინარე და ტბები. ამიტომ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ საქართველო უნიკალური ადგილია სანახავად. ტურისტიც ბევრი გვყავს. პანდემიამდე, წელიწადში, 9.3 მილიონი ადამიანი სტუმრობდა ქვეყანას. საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ 3.7 მილიონია. ამიტომ, პოტენციალი დიდია ამ მიმართულებით. ჩინეთის მეტი მოქალაქე გვინდა, ვიხილოთ საქართველოში ტურისტად ჩამოსული. საუბარი მაქვს ტურისტულ ჯგუფებსა და ტურისტულ სააგენტოებზე, რომლებმაც შეიძლება წარმომადგენლობები გახსნან და ქვეყნის პოპულარიზაცია მოახდინონ. რა თქმა უნდა, მეტი ქართველიც უნდა ეწვიოს ჩინეთს – თქვენს მშვენიერ, უნიკალურ ქვეყანას. მაგრამ, ღვინო ნამდვილად ჩვენი სიამაყეა. საქართველომ მისცა მსოფლიოს ღვინო და ჩვენ ვამაყობთ ამით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა პეკინში გამართულ ბიზნეს ფორუმზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ჩინეთში ბევრი რამის ექსპორტი შეუძლია და ახალი ერა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებში დაიწყო, წაახალისებს მეტ კავშირს ბიზნესებს შორის ჩინეთსა და საქართველოში.
„ბევრი რამის ექსპორტი შეგვიძლია. ჩინეთში შეიძლება ქართული აგრარული პროდუქციის შემოტანა. ჩვენ ვაწარმოებთ ხარისხიან აგრარულ და სხვა საქონელს – ოქროს, სპილენძს და სხვ. შესაძლებლობები მრავალგვარია. თუ ბიზნესის მეტი წარმომადგენელი დაინტერესდა, დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ერა, რომელიც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ახლა დაიწყო, წაახალისებს მეტ კავშირს ბიზნესებს შორის ჩინეთსა და საქართველოში. დღეს შედგა ჩვენი ბიზნესფორუმი. მე ქართული ბიზნესსაზოგადოების წევრები მახლავს ამ ვიზიტში. საუბარი მაქვს ქართულ კომპანიებზე. რაც შეეხება ჩინურ კომპანიებს, ვრცელი პრეზენტაცია მქონდა საქართველოს, ჩვენი ქვეყნის, შესახებ. მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის კრიტერიუმების თანახმად, მსოფლიოში მე-7 ადგილზე ვართ. ამასთანავე, საგადასახადო წნეხის სიმცირის მიხედვით, მსოფლიოში მე-3 ადგილზე ვართ, რადგან საგადასახადო განაკვეთები და გადასახადების რაოდენობა ჩვენთან ძალიან დაბალია, ბიუროკრატიის მაჩვენებელიც დაბალია, კორუფციის დონეც დაბალია. რაც შეეხება გამჭვირვალობას, 1-ელ ადგილზე ვართ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ეკონომიკა გვაქვს. ამ ნიშნით მე-15 ადგილზე ვართ გლობალურად. ყოველივე ეს მეტ მიმზიდველობას ანიჭებს ქვეყანას. უკვე ვახსენე, რომ საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება აქვს გაფორმებული 2.3-მილიარდიან სამომხმარებლო ბაზართან. მაგალითად, ევროკავშირთან ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით ვსარგებლობთ, რადგან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაქვს გაფორმებული ევროკავშირთან. თეორიულად, თუ ჩინური სამრეწველო ან სხვა ტიპის კომპანიები ფილიალებს – ქარხნებს ან საკომპლექტაციო საწარმოებს – საქართველოში გახსნიან, მათ თავისუფლად, საგადასახადო ბარიერების გარეშე, შეეძლებათ საქონლის ექსპორტი ევროკავშირში. მათ გადასახადების გადახდა არ მოუწევთ ექსპორტის მიმართულებით.
საქართველოს სხვა მიმზიდველი ფაქტორებიც დავასახელე. ქვეყანას ჰყავს ბიზნესისადმი კეთილგანწყობილი მთავრობა. ჩემი მთავრობა ბიზნესისადმი ძალიან მეგობრულია, ძალიან გახსნილია. მაქსიმალურ მხარდაჭერას და კომფორტს ვუქმნით ჩინურ კომპანიებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.