ნავსადგურში აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

09 აგვისტო 2023, 14:53 1011 ნახვა

ბათუმში რუსეთიდან შემოსული გემის წინააღდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული პირების საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გერძელდება. მოსამართლე ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან ანთაძის შვილის, ილია ანთაძის, ასევე ამავე აქციაზე დაკავებული “დროას” ბათუმის ოფისის ხელმძღვანელის გენრი დოლიძის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას 11 აგვისტოს გამოაცხადებს. დღეს სასამართლომ გენრი დოლიძის დაკავების საქმეზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულებები გამოიკვლია და მოწმეებს მოუსმინა. ოქმის შემდგენი მხარე და ასევე მოწმე პოლიციელები სასამართლოზე აცხადებდნენ, რომ გენრი დოლიძე არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებდა და არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას. მოწმე სამართალდამცავების ინფორმაციით გენრი დოლიძემ გაარღვია რკინის ჯებირი, რაც ვიდეო მტკიცებულებით დღევანდელ სხდომაზე არ დადასტურდა. საპირისპიროს აცხადებდნენ დაცვის მხარის მოწმეები, რომლებმაც განაცხადეს, რომ გენრი დოლიძეს არ მიუყენებია სიტყვიერი შეურაცყოფა პოლიციელებისთვის და არც ჯებირი გაურღვევია. ერთ-ერთმა მოწმემ კი თქვა, რომ დაინახა დაკავების შემდეგ სამართალდამცავებმა როგორ იძალადეს გენრი დოლიძეზე. ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს სწორედ “დროას” ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი პოლიციის მაღალჩინოსანს - ირაკლი დგებუაძეს და ამის შესახებ დღეს მან მოსამართლესაც უთხრა. გენრი დოლიძის განცხადებით, მოწმე პოლიციელები ცრუ მოწმეები არიან და არც მისი დაკავების დროს, არც შემდეგ, მას აღნიშნული სამართალდამცავები არ უნახავს. აქციაზე დაკავებულთა ნაწილის, მათ შორის გენრი დოლიძის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში