შეერთებული შტატები კვლავ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ხალხს და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მათ დაუძლეველ სურვილს - ენტონი ბლინკენი

07 აგვისტო 2023, 18:19 1245 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში რუსეთის ინტერვენციის 15 წლისთავთან დაკავშირებით ენტონი ბლინკენის განცხადებას ავრცელებს.

„15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოში და მისი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა. აშშ კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის ქმედებებმა სამუდამოდ შეცვალა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრება. ღრმა პატივისცემით და გულწრფელი თანაგრძნობით ვიხსენებთ რუსეთის ძალების მიერ მოკლულებს, დაჭრილებსა და დევნილებს. ოკუპაციის დროს რუსეთის ქმედებები, მათ შორის კრემლის მავნე დეზინფორმაციული კამპანიები, ე.წ. „ბორდერიზაცია“ და მასობრივი გადასახლება კვლავ იწვევს ენით აღუწერელ სირთულეებს, ისევე როგორც უკრაინაში, ქართველი ხალხი დაზარალდა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უპატივცემულობისა და მეზობლებზე დომინირების სურვილის შედეგებით.

შეერთებული შტატებს კვლავ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, პასუხი აგებინოს რუსეთს 2008 წლის ექვსპუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებებისთვის, რაც გულისხმობს მისი ძალების კონფლიქტამდე პოზიციებზე გაყვანას და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შეუფერხებელ დაშვებას. რუსეთმა ასევე უნდა გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ეს ქმედებები არსებითია იმისთვის, რომ იძულებით გადაადგილებულმა ასობით ათასმა პირმა შეძლოს საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნება და ღირსეულად ცხოვრება. თხუთმეტი წლის შემდეგ, შეერთებული შტატები კვლავ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ხალხს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მათ დაუძლეველ სურვილს, რადგან ისინი იცავენ თავიანთ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისწრაფვიან კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში