საქმე გვაქვს სიყალბესთან, რომელიც საკმაოდ სერიოზულად გადმოსჩქეფს „ნაციონალური მოძრაობის“ ამ აქციაში, შეიძლება, გულწრფელადაც არის იქ ვინმე მისული, მაგრამ ეს არის ხალხი, ვინც კუდის ქიცინით ხვდებოდა რუსეთიდან შემოსულ არა მარტო ტურისტებს, არამედ ეკონომიკას და მთელი საქართველოს სტრატეგიული ობიექტები რუსეთს მიჰყიდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ბათუმში სოჭიდან შემოსულ ლაინერთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.
"ახლა ზუსტად იგივე ხალხი აპროტესტებს, იმ გაგებით, რომ თურმე ლაინერზე არიან ადამიანები, ვინც დაარღვია ოკუპაციის შესახებ კანონი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ რუსებთან, როგორც პოლიტიკურად, ასევე მორალურად ყოველთვის მართლები ვიყავით 90-იანი წლებიდან მოყოლებულია. ამ სტრატეგიულ დაპირისპირებას ჩვენს და რუსეთს შორის აქვს გარკვეული განზომილებები, სადაც „ნაცმოძრაობა“ არანაირად არ მოიაზრება, როგორც რაიმე პოზიტივის მატარებელი. ამ ურთულეს სიტუაციაში ის პოლიტიკა, რასაც „ნაცმოძრაობა“ ანუ გუშინდელი რუსეთისადმი მლიქვნელი პოლიტიკური ძალა ატარებს, დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის და სერიოზული ზიანის მომტანი. მადლობა ღმერთს, რომ თავის რაოდენობით ბევრნი არ არიან, თუმცა ხმაური და გადაცდომები, მათ შორის პოლიციასთან მიმართებაში დამოკიდებულება საკმაოდ თვალშისაცემია“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ლაინერს, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, აქციით დახვდნენ. საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოქალაქეები ამ წუთებშიც ბათუმის პორტში რჩებიან.