საკრუიზო გემიდან მგზავრები ავტობუსით გამოჰყავთ - აქციაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს

31 ივლისი 2023, 10:22 1100 ნახვა

ბათუმის ნავსადგურში, სადაც დღეს დილით საკრუიზო ლაინერი "Astoria Grande" შემოვიდა ამ წუთებში ხმაური და დაპირისპირებაა.

პოლიციელებმა გემიდან ტურისტების გამოსაყვანად კორდონი გააკეთეს და ავტობუსით გამოჰყავთ. აღნიშნულს აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტი და დაპირისპირება მოჰყვა. 

პოლიციელებმა აქციაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს.

"ამ დროისათვის აქციაზე დაკავებულია ათი პირი.  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით. კიდევ ერთხელ მინდა აქციის მონაწილეებს მოვუწოდო დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და აქცია მშვიდობიანად ჩაატარონ.

რაც შეეხება პოლიციის თანამშრომლების გემზე ასვლას. ნებისმიერი საკრუიზო გემი, რომელიც შემოდის ბათუმის ნავსადგურში, ეს არის სტანდარტული პროცედურა, პოლიცია ადის, ამოწმებს და იღებს შესაბამის ზომებს. შესაბამისად, პოლიცია იყო კანონის სრული დაცვით ასული გემზე. ნებისმიერი წესების დარღვევაზე პოლიცია მოქმედებს შესაბამისად"- განაცხადა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.

ბათუმის ნავსადგურში საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.  აქციის მონაწილეები  ნავსადგურში საკრუიზო ლაინერის ,,Astoria Grande''-ს შემოსვლას აპროტესტებენ, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში