სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმე

29 ივლისი 2023, 15:01 528 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლო თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ დღეს იმსჯელებს. სასამართლო პროცესი 16:30 საათზე ჩაინიშნა.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო, მათგან 8 პირია დაკავებული, ორი პირის - იმჟამინდელი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის, თეიმურაზ პატარიძისა და ყოფილი სპეცრაზმელის, გიორგი არაბულის მიმართ კი ძებნა გამოცხადდება.

ბრალდებული პირების სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დაედო საფუძვლად, რომლის მიხედვითაც, „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის, კერძოდ - სიცოცხლის უფლების როგორც პროცედურული, ასევე არსებითი ნაწილის დარღვევა დადგინდა. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებაზე და გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ახორციელებდა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება 2008 წელს მომხდარ ფაქტს, რა დროსაც, როინ შავაძეს „კუდ-ის“ თანამშრომლები, ბათუმის ერთ-ერთ კაფეში, ჯერ კონდახებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი უმწეო მდგომარეობაში მყოფი ქობულეთის და გურიის საზღვართან მრავალჯერადი გასროლით მოკლეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში