12 პრიორიტეტზე მუშაობა მიმდინარეობს, რამდენიმე კვირის წინ ევროკომისიამ წარადგინა ე.წ. ზეპირი მოხსენება, ევროკომისიის შეფასებით, 12-დან სამი რეკომენდაცია სრულად არის შესრულებული, ორ რეკომენდაციასთან დაკავშირებით ჩვენ გვჭირდება დაჩქარება,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისივე განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღება მოსალოდნელია დეკემბერში და იმედი აქვს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ასევე განმარტა, რომ დამატებითი მუშაობაა საჭირო მედიის თავისუფლებისა და დეოლიგარქიზაციის საკითხებზე.
"12 პრიორიტეტთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, რამდენიმე კვირის წინ ევროკომისიამ წარადგინა ე.წ. ზეპირი მოხსენება. ევროკომისიის თანახმად, 12 რეკომენდაციიდან 3 სრულად არის შესრულებული, 2 არის მედიის თავისუფლება და დეოლიგარქიზაცია. დარჩენილ შვიდ რეკომენდაციაზე არის გარკვეული პროგრესი, თუმცა მეტს ველოდებით. როგორც ხედავთ, სურათი ჭრელია, რაც ჩემი პერსპექტივიდან პოზიტიურია. ჯერ კიდევ არის დრო, ვიდრე ევროკომისია გამოსცემს გაფართოების შესახებ ანგარიშს ოქტომბერში და რა თქმა უნდა, ყველა ველოდებით გადაწყვეტილების მიღებას 27 წევრი სახელმწიფოს მიერ, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, სახელმწიფო ლიდერების დონეზე შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, როდესაც საუბარია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე. ევროკავშირის გადაწყვეტილება დეკემბერში იქნება და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწევს წინ ევროკავშირის წევრობის გზაზე, რაც ნიშნავს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ეს 27 წევრი სახელმწიფოს ხელშია.
რეკომენდაციების შესრულება კომპექსური პროცესია, რომელიც მოითხოვს ერთიანობას და ვფიქრობ, უდიდესი გამოწევა ყოველთვის იყო და არის ინკლუზიურობა მმართველი პარტიის მხრიდან და კონსტრუქციული მიდგომა ოპოზიციის მხრიდან. სწორედ ამიტომ, ძალიან მოხარული ვარ, რომ დღევანდელი ღონისძიება ტარდება, რომ მმართველი და ოპოზიციური პარტიები, ისევე როგორც სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზიები, საუბრობენ, განიხილავენ და ცდილობენ, კონსტრუქციულად იპოვონ წინსვლის საუკეთესო გზა, როდესაც საუბარია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მისივე თქმით, არ არსებობს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ოქროს სტანდარტი. ევროკავშირის შიგნითაც მიმდინარეობს დისკუსიები კანონის უზენაესობისა და სასამართლო რეფორმის შესახებ. ასევე აღნიშნა, რომ სასურველია სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით დისკუსიები საქართველოში გაიმართოს.
"გვსურს, რომ ეს დისკუსიები გაიმართოს საქართველოშიც, რომ ნაპოვნი იყოს საუკეთესო გამოსავალი ძალიან პროფესიონალი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისთვის. როგორი იდეებიც არ უნდა იყოს, ეს იდეები განხილული იყოს საერთაშორისო სტანდარტების დამდგენებთან, ვენეციის კომისიასთან და ოდირთან. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო იპოვის გზას, რათა პროგრესს მიაღწიოს ასევე ამ ძალიან მნიშვნელოვან, ძალიან რთულ და გამოწვევებით სავსე საკითხთან დაკავშირებით, რაც არის სათანადო სასამართლო სისტემა“, - განაცხადა ელჩმა.
პაველ ჰერჩინსკი დაესწრო კონფერენციას თემაზე - „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“. ელჩის თქმით, შეხვედრაზე განსახილველი თემა მნიშვნელოვანია, რადგან ეხება საქართველოს ევროინტეგრაციის გამოწვევებს.