თქვენ მიერ შესრულებული ხორვატული ჰიმნის ფონზე, რომ არ მცოდნოდა, ქართველები ხართ, ხორვატები მეგონებოდით, პატივია თქვენი აქ ყოფნა - ხორვატიის პრემიერ-მინისტრი 

24 ივლისი 2023, 18:49 637 ნახვა

ხორვატია მხარს უჭერს და პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ მისწრაფებებს, ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა ზაგრებში საქართველოს საელჩოს გახსნისას განაცხადა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხორვატიაში ვიზიტისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ხორვატიაში. მადლობას ვუხდით ელჩს ამ ახლად გახსნილ საქართველოს საელჩოში მასპინძლობისთვის. ასევე მივესალმები საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს და ყველა ქართველ მეგობარს. მადლობა ანსამბლს ასეთი აკაპელასთვის. ვფიქრობ, ყველა ჩვენგანი შთაბეჭდილების ქვეშ არის. თქვენ მიერ შესრულებული ხორვატული ჰიმნის ფონზე, რომ არ მცოდნოდა, ქართველები ხართ, ხორვატები მეგონებოდით. პატივია თქვენი აქ ყოფნა.

დღეს ნამდვილად ისტორიული მომენტია. ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია ხორვატიაში. მე და ირაკლი ღარიბაშვილი ზუსტად რვა წლის წინ შევხვდით ერთმანეთს თბილისში.  მე ევროპული პარლამენტის წევრი ვიყავი და თქვენ, პრემიერობის პირველი მანდატი გქონდათ, როდესაც მე აღმოვაჩინე ის სირთულეები, რომლებიც ისტორიის განმავლობაში გქონდათ, ასევე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიების თვალსაზრისით.

თქვენ შეძელით, დაგეძლიათ ზეწოლა და სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ და პატივს ვცემთ თქვენს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მზაობაა, მიხვიდეთ იმ გამოსავლამდე, რომლითაც საქართველოს ტერიტორიები თქვენი მთავრობის სამართლებრივი და კონსტიტუციური კონტროლის ქვეშ გადმოვა. ეს არის ჩემი სურვილი თქვენ მიმართ. ჩვენ გვქონდა ანალოგიური სიტუაცია 90-იანებში და დაგვჭირდა რამდენიმე წელი, რომ სამართლებრივ და კონსტიტუციურ წესრიგში დაბრუნებულიყო ამ ტერიტორიებზე კონტროლი. ამიტომ, ჩვენ კარგად გვესმის თქვენი“, – აღნიშნა ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ხორვატია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ მისწრაფებებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში