საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრ ილია დარჩიაშვილისა და საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, მარიუშ პიეტრ ჟაკის შეხვედრა გაიმართა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააფიქსირა შეშფოთება პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, რა დროსაც ერთ-ერთმა ექიმმა სცადა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო სინჯის პროცედურის დარღვევით გამოტანა კლინიკიდან.
"პოლონელ დიპლომატს კიდევ ერთხელ განემარტა, რომ სახელმწიფო დაინტერესებულია, საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, არაერთხელ გამოხატა მზადყოფნა ოჯახის სურვილის შემთხვევაში კლინიკაში უცხოელი ექიმების დაშვების თაობაზე, რისი დასტურიცაა პოლონელი ექიმების ვიზიტი მსჯავრდებულ სააკაშვილთან ოჯახის შუამდგომლობითა და პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით, მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ სააკაშვილს უარი ეთქვა პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გაუსვა ხაზი, რომ პოლონელ მედიკოსთა მისიაში შემავალი ერთ-ერთი ექიმის საქციელი იწვევს გაუგებრობას, შეშფოთებას და ასევე სანდოობას უკარგავს მთელს პროცესს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონელ დიპლომატს ეთხოვა მომხდარზე პოზიციის დაფიქსირება. შეხვედრაზე პოლონელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ იგი არ არის ინფორმირებული, რამ გამოიწვია პოლონელი ექიმის მსგავსი საქციელი“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.