დავა მიწის ნაკვეთზე

13 ივლისი 2023, 17:41 756 ნახვა

ხმაური იყო ახალსოფელში. სიტყვიერი დაპირისპირება  ავგიის მეხუთე ჩიხში  პირველი ნომრის მიმდებარედ მიწის ნაკვეთს მოჰყვა. მაკარაძეების ოჯახი ირწმუნება, რომ ტერიტორია  წლებია სარგებლობაში აქვთ და მათ ეკუთვნით, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია კი შემოღობილი სახელმწიფო ნაკვეთის  გათავისუფლებას ითხოვდა. ოჯახმა, როგორც ამბობენ, მერიას ტერიტორიის დაკანონების მოთხოვნით მიმართა, თუმცა როგორც ირკვევა უარი მიიღო. მოსარგებლის თქმით, თვითმმართველობისგან შეტყობინება მიუვიდა, მაგრამ დადებითი თუ უარყოფითი არ იცოდა. მუნიციპალური ინსპექცია კი  ოფიციალური წერილის მიღებამდე  გასაფრთხილებლად მივიდა და ტერიტორიის ღობისგან გათავისუფლება დაიწყო, რასაც ხმაური მოჰყვა. ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ მისი საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მაკარაძეების ოჯახს ერთი ნაკვეთი დაურეგისტრირა, სადავოზე კი იმის გამო, რომ სარგებლობა ვერ დადგინდა, უარი უთხრა.  ტერიტორიაზე წყლის რეზერვუარი  უნდა გაკეთდეს. ამიტომ მუნიციპალური ინსპექცია მაკარაძეებს ტერიტორიაზე არსებული ჯიხურის დემონტაჟისთვის სამდღიან ვადას აძლევს. მაკარაძეები კი სასამართლოში იდავებენ.   

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში