ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა სამეგრელოშიც. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სავარგულები. სტიქიამ გამოიწვია ღვარცოფული და მეწყრული პროცესები, რის გამოც დაზიანდა გზების ნაწილი. რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ასევე დატბორილია ქალაქის ტერიტორიაზე ცალკეული უბანი.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა აბაშის, სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტებში. ხობში სოფელ ქარიატაში აუცილებელი გახდა რამდენიმე ოჯახის ევაკუაცია. ისინი დროებით საცხოვრებელში გადაიყვანეს.
ამავე მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში კი ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა ღელემ რკინიგზის გასასვლელთან მანქანა გაიტაცა. მძღოლი, მსუბუქი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადიდებულმა მდინარე ტეხურამ გაერთიანებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა დააზიანა.
სტიქიის შედეგად, წყალმომარაგება შეეზღუდა სენაკისა და ფოთის 32 000-ზე მეტ აბონენტს.