უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გასაგებია, ამის არ უნდა შეგვშურდეს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, როცა 2008 წელს ომი გვქონდა MAP-იც კი არ მოგვანიჭეს - კობახიძე

11 ივლისი 2023, 13:01 698 ნახვა

უკრაინა არის ომის მდგომარეობაში, საქართველო არ არის. აქედან გამომდინარე, განსხვავებული მიდგომა არის სრულიად ბუნებრივი, - ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ უკრაინა ნატოში „მაპის“ გარეშე გაწევრიანდება. 

„როდესაც დიფერენციაციის საფუძველი არის ომის მდგომარეობა, ჩვენ ამას ვერაფერს ვუზამდით. ერთადერთი რაც შეიძლებოდა გაგვეკეთებინა - ჩართვა ომში, რასაც ითხოვდა ჩვენი კოლექტიური ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“, უკრაინის ხელისუფლება და არაერთი უცხოელი ექსპერტ-პოლიტიკოსი. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებდით.

 

უკრაინა არის ომის მდგომარეობაში და აქედან გამომდინარე უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება არის გასაგები. ამის არ უნდა შეგვშურდეს. ერთი რამ უნდა გავიხსენოთ ამ კონტექსტში - 2008 წელს, როცა ჩვენ ვიყავით ომში, მაშინ „მაპიც“ კი არ მოგვანიჭეს. მაშინ იყო ასე. მაშინ საქართველომ გამოიარა ომი რუსეთთან, მაგრამ მაშინ არ იყო ასეთი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. კარგია რომ დღეს უკრაინის მიმართ არის ასეთი დამოკიდებულება და ეს ქვეყანა არის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. რა თქმა უნდა, ამის არ უნდა შეგვშურდეს და არც შეგვშურდება“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ კომენტარი გააკეთა ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ პოლარიზაციის გაღვივებისთვის სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამია შეაწყალებინეს.

„შეწყალების მთავარი მიზანი პოლარიზაციის გაღვივება იყო, ამას ვერ ახერხებენ არსებული პოლიტიკური შემადგენლობით და სწორედ იმისთვის, რომ უფრო გაეღვივებინათ პოლარიზაცია, სალომე ზურაბიშვილს გვარამია შეაწყალებინეს. ეს არის ძალიან ცუდი. მათ სურთ პოლარიზაცია, ჩვენი მიზანი კი არის ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნება“, - აღნიშნა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი