ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან სხვადასხვა დედაქალაქებში, ზეპირად ვიცით, რას საუბრობენ, როგორ გულშემატკივრობენ საქართველოში სტატუსის მინიჭებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარია მოგვცენ კანდიდატის სტატუსი და თუ უნდა ოპოზიციამ დაიბრალოს.
"კანდიდატის სტატუსი მოგვცენ და თუ უნდათ, ოპოზიციას მისცენ. ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან სხვადასხვა დედაქალაქში, ზეპირად ვიცით, რას საუბრობენ, როგორ „გულშემატკივრობენ“ საქართველოში სტატუსის მინიჭებას. თვითონაც მიდიან და საუბრობენ, როგორ არ ვარგა ჩვენი ქვეყანა, როგორ ცუდია ჩვენი ინსტიტუტები, როგორ გაუბედურებულია აქ სიტუაცია, ოღონდ იქნებ გადმოგვიგდოთ კანდიდატის სტატუსი, ამ დონეზე არიან დასულები. მთავარია, მოგვცენ და თუ უნდათ, ოპოზიციამ დაიბრალოს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სტრასბურგის გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება დააზიანებს თავად უკრაინის ხელისუფლების დამაჯერებლობას.
„პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვენი უკრაინელი დებისა და ძმების წინაშე. ეს ის მეგობრობაა, რომელსაც საქართველო უკრაინას ყოველთვის აჩვენებდა და განსაკუთრებით ამ მძიმე წუთებში, რომელიც უკრაინას აქვს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა აგრესიული ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების ნაწილმა სხვა გზა აირჩია, არა დაფასების, მეგობრობის ჩვენების გზა, არამედ აირჩია გარკვეული წინააღმდეგობის გზა, რომ, როდესაც ადამიანზე კიდებენ მთელი ერების ურთიერთობას თავისი გადმოსახედიდან, ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა და პირველ ყოვლისა, არ წაადგება თავად უკრაინის ხელისუფლებას. გუშინაც ვთქვი, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მოვისმინეთ, თავად უკრაინისთვის არის დამაზიანებელი, ვინაიდან პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებაშივე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო დაყენებული სტრასბურგის გადაწყვეტილება. უკრაინას, რომელსაც დღეს რუსეთთან არა მხოლოდ სამხედრო მხრივ აქვს ომი მოსაგები, არამედ სამართლებრივი ომი აქვს მოსაგები სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოში, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება დააზიანებს თავად უკრაინის ხელისუფლების დამაჯერებლობას და ეს საზიანოა მათთვის.
რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას, არაერთხელ ვთქვით, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ შესუსტდება, როგორც აქამდე ვუჭერდით მხარს, ასევე დავუჭერთ მხარს. ხელისუფლებასთან დაკავშირებით ახალი არ არის ეს კითხვები და ახალი არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც უკრაინის ხელისუფლების ნაწილს საქართველოს მიმართ ჰქონდა. მათ დღემდე შეფარებული ჰყავთ კრიმინალები ადეიშვილისა და ლორთქიფანიძის სახით, არა მხოლოდ შეფარებული, ორივე მაღალ თანამდებობაზეა. ადამიანები, რომლებმაც წამების სისტემა შექმნეს აქ, უკრაინის ხელისუფლებას დასაქმებული ჰყავს ხელისუფლებაში. ეს მოცემულობა აქამდეც იყო, თუმცა ყოველთვის ვამბობდით და ახლაც ვიმეორებთ, რომ დღეს უკრაინა ომშია, ომში მყოფ უკრაინელ ხალხს დახმარება სჭირდება, ეს ომი დასრულდება და შემდეგ უკრაინის ხელისუფლებასთან ყველა ამ საკითხზე გვექნება მკაფიო საუბარი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება არასწორად იქცევა.
"მე ვამჯობინებდი, რომ ოპოზიციას და მასთან დაკავშირებული მედიაც სამყაროს საქართველოს გადასახედიდან უყურებდეს. ვგულისხმობ, რომ არასწორად იქცევა უკრაინის ხელისუფლება. უკრაინის ხელისუფლება არის ის, რომელმაც საქართველოდან გაიწვია ელჩი მაშინ, როცა ბელორუსშიც კი ელჩი ჰყავდათ და უკრაინის ხელისუფლებაა, რომელმაც საქართველოს ელჩი, ფაქტობრივად, გამოაძევა. ის ერთადერთი იყო ელჩებს შორის, რომელიც დარჩა კიევში და არ შეუშინდა რუსულ ბომბებს. მაშინ, როდესაც აშშ-ის, გერმანიის, თუ სხვა ელჩებმა კიევი დატოვეს, საქართველოს ელჩი იქ იყო ბოლო წუთამდე, საქართველოს დროშა ერთი წუთითაც არ დაშვებულა კიევში, როდესაც სხვა ქვეყნის დროშები დაეშვა საელჩოების წინ. ამის საპასუხოდ, როდესაც ხდება ამ ელჩის ქვეყნიდან გამოძევება, ეს არის ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მიმართ არადიპლომატიური ჟესტი. ამიტომ, მოლოდინი მაქვს, რომ ყველა ქართველი, მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციაშია, თუ უპოზიციურ მედიაში, საქართველოს ოპოზიციაში არავინ უნდა იყოს. როდესაც საქართველოს მიმართ ხდება ასეთი დამოკიდებულება, ყველა უნდა იყოს მკაფიო ამასთან დაკავშირებით. როდესაც ყალბი მიზეზით, თითქოს ხდება მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობა, რაც სიყალბეა და ეს სტრასბურგის სასამართლომ თქვა, როდესაც ამ ყალბი მიზეზით ხდება საქართველოს ელჩის გამოძევება, აქ ქართველი, ვინც საკუთარ თავს ქვეყნის პატრიოტად მიიჩნევს, პოზიციაში უნდა იყოს ერთიანი, რომ ასეთი რამ მიუღებელია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ქვეყნების ურთიერთობა ,,კაპრიზებზე'' არ ეწყობა.
„თუ ვფიქრობთ, რომ ეს რამეს აზიანებს, ისიც უნდა დავინახოთ, რომ ამას უკრაინის ხელისუფლების ეს ნაწილი აზიანებს. ქვეყნებს შორის ურთიერთობა ,,კაპრიზებს'' არ ეფუძნება და ეს ,,კაპრიზია'', როდესაც სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულებაა, მიუხედავად იმისა, რომ ის დამნაშავეა, მის მიმართ მოპყრობა სათანადოა, ერთიც დამტკიცებულია და მეორეც, მაინც ხდება ამ ყალბი მიზეზით, გადაყვანის მოთხოვნა და ასე შემდეგ. ,,კაპრიზებზე'' არ ეწყობა ქვეყნებს შორის ურთიერთობა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.